კობა კობალაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ჯონი ტატუნაშვილთან, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი ბერაიასთან, პარლამენტის წევრებთან, სამსახურის თანამშრომლებთან და ვეტერანებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლის ველზე დაცემულ მეომართა ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო., – ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, 1993 წლის 15-16 მარტს, აფხაზეთში, სეპარატისტებმა, დაქირავებულმა ჩრდილო-კავკასიელმა ბოევიკებმა და რუსულმა სადესანტო შენაერთებმა, მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8 კმ-იან ფრონტის ხაზზე, ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს.
ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და არტილერიამ სოხუმისკენ წამოსულ მოწინააღმდეგეს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს და მოწინააღმდეგე იძულებული გახადეს, უკან დაეხია. უთანასწორო ბრძოლაში, ქართველმა მეომრებმა, საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე გადაარჩინეს; ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ქართული საბრძოლო შენაერთების გამარჯვებაში, ქართველმა არტილერისტებმა შეიტანეს. ქართველთა ამ ერთიანი ძალისხმევის, თავგანწირული ბრძოლის შედეგად, მტერმა მაშინ, სოხუმი ვერ აიღო. „ჩვენ დღეს შევიკრიბეთ აქ, გმირთა მემორიალთან, რათა კიდევ ერთხელ მოვიხსენიოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში გმირულად დაღუპული ჩვენი თანამემამულეები, რომლებმაც 1993 წლის 15-16 მარტს, გუმისთაზე გამართულ ბრძოლებში, კიდევ ერთხელ აჩვენეს ქართული, შეუპოვარი, მებრძოლი სული, სამშობლოს სიყვარული და მისთვის თავგანწირვა. ეს იყო ქართული საბრძოლო შენაერთების მიერ, წარმატებით დასრულებული სამხედრო ოპერაცია, რომელიც კიდევ ერთი, ნათელი დადასტურებაა იმისა, თუ რა შეგვიძლია, როცა ერთად ვართ საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ისევ ერთობით ძალგვიძს, გავაერთიანოთ და გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა, რომელიც დღეს, კიდევ ერთხელ დგას უდიდესი გამოწვევების წინაშე,”_განაცხადა კობა კობალაძემ.