პარლამენტმა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა მეორე მოსმენით 79 ხმით მხარი დაუჭრია „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებებს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ვალერიან გობრონიძის განცხადებით, ცვლილებებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია უქმდება.
“კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების მოწესრიგება ხელს შეუწყობს ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. შეიქმნება განათლების ხარისხის მოქნილი, შინაარსზე ორიენტირებული, თანამედროვე ავტორიზაციის ინსტიტუტი.
კანონპროექტის მიღებით უზრუნველყოფილი იქნება ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების ინსტიტუციურ დონეზე შეფასება, ასევე, სასკოლო კურიკულუმის ხარისხის შეფასება საგნობრივ დონეზე.
მოქმედი რეგულაციით, სკოლის მიერ პროგრამის დამატება წარმოადგენს ხელახალ ავტორიზაციას. ცვლილების შემდეგ კი სკოლას ექნება შესაძლებლობა დაიმატოს ცალკეული პროგრამა დამოუკიდებლად”, – ნათქვამია ინფორმაციაში.