რუსეთმა აშშ-ის მაღალჩინოსნებს პერსონალური სანქციები დაუწესა – ვინ მოხვდა რუსულ ე.წ. სტოპ-სიაში
რუსეთმა, შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაციის “უკიდურესად რუსოფობიური კურსიდან გამომდინარე”, ასევე, შეერთებული შტატების მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების საპასუხოდ, პერსონალური სანქციები დააწესა.
რუსეთის “სტოპ-სიაში” მოხვდნენ; აშშ-ის პრეზიდენტი – ჯოზეფ ბაიდენი; სახელმწიფო მდივანი – ენტონი ბლინკენი; თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ლოიდ ოსტინი; გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი – მარკ მილი; აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში – ჯეიკ სალივანი; დაზვერვის უფროსი – უილიამ ბერნსი; თეთრი სახლის პრესსპიკერი – ჯენ ფსაკი; აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწის მოადგილე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში – დალიპ სინგჰი; საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორი – სამანტა პაუელი; აშშ-ის პრეზიდენტის შვილი – ჰანტერ ბაიდენი; აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი – ჰილარი კლინტონი; ფინანსთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე – ადევეილ ადეიემო; ექსპორტ-იმპორტის ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და დირექტორი, რეტა ჯო ლიუისი.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი, უახლოეს დროში “შავი სია” გაფართოვდება.
“ამასთან, ჩვენ უარს არ ვამბობთ ოფიციალური ურთიერთობების შენარჩუნებაზე, თუ ისინი ჩვენს ეროვნულ ინტერესებს აკმაყოფილებენ და, საჭიროების შემთხვევაში, „შავ სიაში“ მოხვედრილი პირების სტატუსის შესაბამისი შეხვედრებში მივიღებთ მონაწილეობას”, – ნათქვამია განცხადებაში.