ანდრეი კასიანოვი: უკრაინის ელჩის საქართველოში დაბრუნების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ ვაცნობებთ

უკრაინის დროებითი რწმუნებული საქართველოში, ანდრეი კასიანოვი აცხადებს, რომ საქართველოში უკრაინის ელჩის დაბრუნების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ ეცნობება.

„თქვენთვის ცნობილია, რომ უკრაინის ელჩი გაწვეული იყო პირველ მარტს კონსულტაციებზე. ელჩის საქართველოში დაბრუნების შესახებ თავისი მოვალეობის შესასრულებლად ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. თანამდებობრივ პირობებში, კონსულტაციები შეიძლება, ჩატარდეს სხვადასხვა ფორმატში. როგორც იცით, უკრაინაში სამი კვირაა, საომარი მდგომარეობაა და საქართველოში უკრაინის საელჩო აგრძელებს მუშაობას ომის პირობებში. ომის პირობებში დიპლომატია ასევე შორდება კლასიკურობას. ვერ გაგიმხელთ დიპლომატიური მუშაობის თავისებურებებს, მათ შორის, ომის დროს ელჩის მოღვაწეობას.

ასევე, მინდა, ყურადღება მივაქციო შემდეგ საკითხზე – მიუღებლად მიგვაჩნია გუშინდელი შემთხვევა, როდესაც გადამღები ჯგუფი უმარკო მანქანით, ლოგოს გარეშე, პაპარაცულ სტილში ელოდა ელჩის მეუღლის გამოჩენას, როდესაც ის ბრუნდებოდა რეზიდენციაში და ამ დროს ჟურნალისტმა სცადა მისთვის კითხვების დასმა. მადლობელი ვართ რედაქტორების, რომ არ გაუშვეს ეს კადრები. ჩვენ მაქსიმალურად გახსნილი ვართ საუბრისთვის. გთხოვთ, მიმართოთ ჩვენ პრესსამსახურს და ვეცდებით, მაქსიმალურად სწრაფად და მაქსიმალურად სრულყოფილად, რამდენადაც შესაძლებელია, ომის ვითარებაში ყველა მიმართვაზე გიპასუხოთ“, – განაცხადა კასიანოვმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები