საგარეო უწყების დელეგაცია წყნარი ოკეანის კუნძულოვანი სახელმწიფოების ფორუმის 45-ე სესიაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მაია ფანჯიკიძის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით იმყოფება პალაუს რესპუბლიკაში, პალაუს სახელმწიფო მინისტრის, ბილი კუარტეის მიწვევით. საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციაში შედიან აზიის, აფრიკის ავსტრალიის და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი ეკა აკობია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრალიის თანამეგობრობაში ვლადიმერ კონსტანტინიდი. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია სტუმრის სტატუსით მონაწილეობას იღებს წყნარი ოკეანის კუნძულოვან სახელმწიფოთა ფორუმის 45-ე სესიაში (28 ივლისი – 2 აგვისტო), რომლის მთავარი სამუშაო თემაა „ოკეანე: სიცოცხლე და მომავალი“. ვიზიტის მსვლელობისას, 29 ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ შეხვედრა გამართა ავსტრალიის დელეგაციის ხელმძღვანელთან, საგარეო საქმეთა საპარლამენტო მდივანთან ბრეტ მეისონთან. განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი, ისევე როგორც რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები. მინისტრმა გულითადი სამძიმარი გამოუცხადა ავსტრალიურ მხარეს მალაიზიური ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად მოქალაქეების დაღუპვის გამო. შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ საერთაშორისო სისტემის ქვაკუთხედად რჩება საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების პატივისცემა და ნებისმიერი ქმედება, რომელიც არღვევს აღნიშნულ პრინციპებს მიუღებელი და საზიანოა რეგიონული თუ გლობალური მშვიდობისათვის. ფორუმის ფარგლებში შედგა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ფორუმის გენერალურ მდივანთან, ბატონ ნერონი სლეიდთან. კუნძულოვან სახელმწიფოთა ფორუმის გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ფორუმისათვის გაწეული დახმარებისა და პოზიტიური ჩართულობისათვის. 29 ივლისს ასევე გაიმართა ორმხრივი შეხვედრები პალაუს სახელმწიფო მდივანთან, ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრთან და ტუვალუს საგარეო საქმეთა მინისტრთან. შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა მიმდინარე ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები. სამივე ქვეყნის წარმომადგენელმა ხაზგასმით დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს დელეგაცია აგრძელებს სამუშაო ვიზიტს პალაუში. საქართველოს გლობალური პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების ფარგლებში, მეტად მნიშვნელოვანია ოკეანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ წარსულში რეგიონის ქვეყნების მხრიდან დაფიქსირდა სერიოზული საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. სწორედ აღნიშნულ კონტექსტში, მნიშვნელოვანია დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერება და თანამშრომლობის გაღრმავება რეგიონის ქვეყნებთან, რათა მსგავსი რისკები მაქსიმალურად იქნას თავიდან აცილებული.