სანქციების ფონზე, რუსეთმა დახმარებისთვის ჩინეთს მიმართა – პეკინში ფაქტს უარყოფენ

რუსეთმა ჩინეთს საიდუმლო თხოვნით მიმართა, რომ გაუწიოს ეკონომიკური და ტექნოლოგიური დახმარება იმ გლობალური სანქციების ფონზე, რომელიც მას უკრაინაში შეჭრისთვის დაუწესეს.

ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი, New York Times-ს და CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ რუსეთმა ჩინეთს სამხედრო ტექნიკა სთხოვა.

CNN-ის ინფორმაციით, რუსეთი ითხოვს უპილოტო საფრენ აპარატებს და ეკონომიკურ დახმარებას.

ამასთან, ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს წარმომადგენელმა, ლუ პენიუმ განაცხადა, რომ მოსკოვის თხოვნის შესახებ არაფერი სმენია. მისი თქმით, პეკინი წაახალისებს ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც “უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი მოგვარებისკენ” იქნება მიმართული.

აღსანიშნავია, რომ დღეს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი ჩინელ კოლეგა იან ცზეჩის რომში შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები