“უკრაინას რუსეთისგან დაცვას ვპირდებოდით, მაგრამ ნატო-ში მისი დანახვა არ გვსურდა” – გერმანიის ეკონომიკის მინისტრი
“ევროპა და ნატო უკრაინასთან მიმართებით შეცდომას უშვებდა, როდესაც მას ალიანსის წევრობის შესაძლებლობას არ აძლევდნენ”, – ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა Frankfurter Allgemeine-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ევროპის, ნატოს, დასავლეთის შეცდომა იყო უკრაინისთვის კარის ღიად დატოვება და ამავდროულად იმის თქმა, რომ “თქვენთვის იქ შესვლა არ შეიძლება”. ეს გამაღიზიანებელია. უკრაინა ორ ცეცხლს შორის ხაფანგში გრძნობდა თავს. ერთი მხრივ, ის წახალისებულია, რომ იმუშაოს დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართულებით, ასევე, კურსი დასავლეთისკენ დაიჭიროს, მაგრამ, მეორე მხრივ, მას წევრობის უფლებას არ აძლევდნენ. ჩვენ ვპირდებოდით მას რუსეთისგან დაცვას, მაგრამ არ გვინდოდა უკრაინის ნატო-ს პარტნიორად დანახვა; ჩვენ დავგმეთ ყირიმის ანექსია, როგორც საერთაშორისო სამართლის დარღვევა, მაგრამ ავაშენეთ “ჩრდილოეთ ნაკადი-2″; ჩვენ გვინდოდა, რომ უკრაინას თავი დაეცვა, და ამით ევროპის უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფდა, მაგრამ არა ჩვენი იარაღის დახმარებით. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს პოზიციებში არათანმიმდევრულები ვიყავით“, – განაცხადა ჰაბეკმა.
კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა უკრაინაში ომის არიდება, გერმანელმა მინისტრმა თქვა, რომ „თუ ახლა უკან გავიხედებით, არის ბევრი მომენტი, რომლის გაკეთებაც, თეორიულად, სხვაგვარადაც შეიძლებოდა. თითოეული მომენტი განსხვავებულ სცენარამდე მიგვიყვანდა”.
კითხვაზე, შესრულდება თუ არა უკრაინის მოთხოვნა ცის დახურვის შესახებ, ჰაბეკმა აღნიშნა: “გერმანია აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, მაგრამ საპატიო მიზეზების გამო, თავს იკავებს ომში ჩაბმისგან. მაშინ სხვა სცენარს მივიღებდით, ნატო და რუსეთი ომის მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ”.