გია ვოლსკი: ნატოს მოკავშირეობის ასეთი დონე არაწევრ ქვეყნებში მსოფლიოში არავის გააჩნია, თუ არა საქართველოს, ჰელსინკის კომისიის განცხადებაში ამის ფორმალიზებაზეა საუბარი
“ჰელსინკის კომისია არის აშშ-ს მთავრობის ოფიციალური სააგენტო, მასში გაერთიანებული არიან ყოფილი პოლიტიკოსები, ექსპერტები და მოქმედი პოლიტიკოსებიც, გამომდინარე აქედან, უნდა ვიმსჯელოთ ამ მიმართვის სერიოზულობაზე”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აშშ-ს ჰელსინკის კომისიის განცხადებას, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მოუწოდებს, უკრაინას და საქართველოს NATO-ს “არაწევრი მთავარი მოკავშირის” სტატუსი მიანიჭოს.
“ყველამ ვიცით, რომ დღეის მდგომარეობით საქართველო არის საგანგებო სტატუსის მქონე პარტნიორი ნატოსთვის, რაც არაერთხელ დამტკიცდა კონკრეტულ ოპერაციებში მონაწილეობის თვალსაზრისით და საშინაო თუ საგარეო საკითხებზე პოზიციების შეჯერებით. მთავარი მოკავშირეობა არავისთვის ეჭვს არ წარმოადგენს ოპერაციებში მონაწილეობის, თუ საგარეო კურსის გათვალისწინებით, ძირითადი მოკავშირეობის ასეთი დონე არაწევრ ქვეყნებში მსოფლიოში დღესდღეობით არავის გააჩნია, თუ არა საქართველოს, თუმცა ჰელსინკის კომისიის განცხადებაში ამის ფორმალიზებაზეა საუბარი, რამაც მეტი რესურსი უნდა შეგვძინოს უსაფრთხოების და ეკონომიკური რესურსების მობილიზაციის თვალსაზრისით“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.