ოჯახში ძალადობის მსხვერპლს სტატუსის მინიჭების გარეშე ექნება სახელმწიფო სერვისების მიღების შესაძლებლობა

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერებას ემსახურება კანონპროექტი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი.

„ჩვენ მუდმივად ვცდილობთ გავაუმჯობესოთ ის სტანდარტები, რომელსაც სტამბულის კონვენცია გვიყენებს. ამჯერად წარმდგენილი ინიციატივა ეხება მსხვერპლის სტატუსის აუცილებლობის გარეშე მსხვერპლისთვის მომსახურების მიღების შესაძლებლობას. აქამდე კანონმდებლობის თანახმად სახელმწიფო სერვისებს და მომსახურებას იღებდა მსხვერპლი, რომელსაც ოფიციალურად აქვს მინიჭებული სტატუსი.

გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით კანონს ემატება ნორმები, რომლის მიხედვით განისაზღვრება მუნიციპალიტეტების უფლებამოსილება, მონაწილეობა მიიღონ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ, როგორც პრევენციული ხასიათის, ასევე მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებებში,”- განაცხადა ნინო წილოსანმა კანონპროექტის წარდგენისას.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილებები ასევე შეეხება ოჯახის წევრის ცნების გაფართოებას და მასში ინტიმური პარტნიორების გათვალისწინებასაც. ცვლილება შედის თავშესაფრისა და კრიზისული ცენტრის განმარტებებშიც.

პროექტის განხილვის დასრულების შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა კომიტეტის პოზიცია გაახმოვანა და აღნიშნა: „ასეთი დეტალური გაწერა, ვფიქრობთ ზედმეტი ტვირთის დაკისრება იქნებოდა თვითმმართველობებისთვის, ამიტომ კანონში რაც არის ზოგადი ჩანაწერი, ვფიქრობთ არის საკმარისი. თითოეული თვითმმართველობა თვითონ გადაწყვეტს ვის რა დონეზე, რამდენად შეუძლია მათ გვერდში დაუდგეს. ამ ჩანაწერს კომიტეტი მხარს არ დაუჭერს. დანარჩენ საკითხებში კი ჩვენი მხარდაჭერა გექნებათ პარლამენტის სხდომაზე”.

გამართულ კენჭისყრაზე კომიტეტმა ამ დათქმით დაუჭირა მხარი განხილულ კანონპროექტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები