რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართა

პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში, სადაც შეფასებული და აღნიშნულია სახელმწიფო ან/და მუნიციპალური ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილზე გავლენა, მიზანშეწონილია ანალოგიური შეფასება გაკეთდეს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტთან მიმართებაშიც, – ამას ითვალისწინებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ნორმატიული აქტების შესახებ” ორგანული კანონის პროექტში შესატანი ცვლილებების პროექტი.

საკითხი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარადგინა. განხილვის შემდეგ კომიტეტმა მისაღებად მიიჩნია და მხარი დაუჭირა კანონპროექტის გატანას პლენარულ სხდომაზე. კომიტეტმა სხდომაზე განიხილა პარლამენტის წევრების: ანა ბუჩუკურის, მიხეილ დაუშვილის, გიორგი ხოჯევანიშვილის, ბექა ლილუაშვილის, შალვა კერესელიძისა და ალექსანდრე მოწერელიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” ცვლილებების შეტანის შესახებ”.

მომხსენებელმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განმარტა, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმის შექმნას სახალხო ბიუჯეტირების სახით. „კანონს ემატება ტერმინი სახალხო ბიუჯეტირება და იქვე განიმარტება, რომ სახალხო ბიუჯეტირება არის სოფლის, დაბის, ქალაქის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის პირდაპირ და ფართო ჩართულობას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არსებული სპეციალური ოდენობის თანხის განკარგვაში. თავის მხრივ, მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებული იქნება განსაზღვროს სახალხო ბიუჯეტირების განსახორციელებელი სპეციალური ოდენობის თანხა, რომელიც არ უნდა იყოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 3% -ზე ნაკლები,”- განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

განხილვის დასრულების შემდეგ კომიტეტმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია კანონპროექტის მხარდაჭერა. „მოქალაქეთა აქტიური თანამონაწილეობა ისედაც გაწერილია თვითმმართველობის კოდექსში, ამიტომ ეს შემოთავაზებული ჩანაწერი სრულიად ზედმეტია. გარდა ამისა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბიუჯეტის 3%-ის კი არა, მოქალაქეები მთლიანად ბიუჯეტირების პროცესში უნდა იყვნენ ჩართული”, – განაცხადა პარლამენტის წევრმა, ეკა სეფაშვილმა. კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა სხდომაზე აღნიშნა, რომ „არ არის თვითმმართველობაში ზედმეტი ჩარევა საჭირო, დავუტოვოთ ეს უფლება მათ, რომ თვითონ განსაზღვრონ ეს საკითხები”. კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა განხილულ კანონპროექტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები