შალვა პაპუაშვილი საქართველოში ლატვიის ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ინგრიდა ლევრენცესს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე პარტნიორობაზე თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ საპარლამენტო კავშირების გაღრმავება ხელს შეუწყობს ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას.
მიმოიხილეს უკრაინაში არსებული მძიმე ვითარება. შალვა პაპუაშვილმა გამოხატა სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ და ისაუბრა საქართველოს მიერ უკრაინისადმი გაწეულ მხარდაჭერაზე. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ, ახალი გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, საქართველომ შეიტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და გამოთქვა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების განაცხადების მხარდაჭერის იმედი. ელჩმა გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღნიშნა, რომ მზად არის, გააგრძელოს საქართველოს დახმარება ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე.