ზელენსკი: ისეთ მეზობელთან ცხოვრება, როგორიც რუსეთია, მარტივი არ არის, თუმცა, როგორც ყველამ დაინახა – არც ჩვენთან

ომში სტრატეგიული გარდატეხა უკვე შევიტანეთ და ვუახლოვდებით ჩვენს გამარჯვებას, თუმცა, ამას დრო დასჭირდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ახალ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპანტმა რუსეთმა ქვეყანაში ჰუმანიტარული კატასტროფა მოაწყო, ჩაიყვანა დაქირავებული სირიელი მკვლელები და ბომბავს ჰუმანიტარულ დერეფნებს.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ უკრაინელები ამაყი ხალხია, რომლებიც ყოველთვის იცავენ საკუთარს და ოკუპანტს თავისი მიწის არცერთ გოჯსა და თავისუფლების არცერთ პროცენტს არ დაუთმობენ.

“უკვე 16 დღეა, მტერს ვებრძვით და ეს 4-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე მათ ეგონათ. ვებრძვით მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს არმიას, რომელიც ფიქრობდა, რომ უკრაინა დანებდებოდა. ეგონათ, რომ უკრაინულ ქუჩებში ადამიანები ყვავილებით დახვდებოდნენ. ყველაფერი პირიქით მოხდა. უკრაინელები ამაყი ხალხია, რომლებიც ოკუპანტს საკუთარი მიწის ერთ სანტიმეტრსაც კი არ დაუთმობენ და ყოველთვის დაიცავენ.

როდესაც ვხედავთ, თუ როგორ ებრძვის ჩვენი არმია მტერს და როგორ ანადგურებს მტრის ჯარს, იმედი მიჩნდება, რომ ყველაფერი მალე დასრულდება. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ომია. უნდა მოვითმინოთ და ვიბრძოლოთ. ჯერ ვერ ვიტყვით, რა დრო დაგვჭირდება ჩვენი მიწიდან მტრის განსადევნად, თუმცა, ამას აუცილებლად ვიზამთ. ომში სტრატეგიული გარდატეხა უკვე შევიტანეთ და ვუახლოვდებით ჩვენს გამარჯვებას, თუმცა როგორც გეუბნებით ამას დრო დასჭირდება. ომი პრინციპულ და ჯიუტ მეტოქესთან გვაქვს. ქვეყანა რომელიც ჩვენთან საბრძოლველად რეზერვისტებსაც კი აგზავნის.

ამასთან, სირიელი დაქირავებულ მკვლელები გამოგვიგზავნეს. არ დაგვავიწყდეს რომ სირიაც ისე გაანადგურეს, როგორც ახლა ჩვენი ქვეყნის განადგურებას ცდილობენ. გამოაგზავნეს სირიელები, რომლებიც ვერც კი არჩევენ ვინ რომელ ენაზე საუბრობს, ან ვინ რომელ ეკლესიაში დადის. ისინი აქ ფულის სანაცვლოდ ჩამოვიდნენ.

რამდენიმე რეგიონი წყლის, გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ეს არის ჰუმანიტარული კატასტროფა, რომელიც რუსეთის ფედერაციამ გამოიწვია.

დნეპრში საცხოვრებელი სახლები და საბავშვო ბაღები დაბომბეს. ნეტავ რა საფრთხეს უქმნიდა რუსეთს ეს დაწესებულებები?! სუმის ოლქში, მარიუპოლში და ხარკოვში დასახლებული პუნქტები დაბომბეს.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საკმარისი არ არის და ველოდები რომ კიდევ უფრო ახალი და უმკაცრესი შეზღუდვები დაწესდება. რუსეთი ვალდებულია ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი აგოს.

გუშინ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. ჩვენთვის ცნობილია რა საკითხებზეც ისაუბრეს ლიდერმა, ვიცი ვინ დაგვიჭირა მხარი და ვინ დუმდა. როგორ შევაფასებ მიღებულ გადაწყვეტილებას ? უფრო ძლიერები უნდა იყოთ და დააფასოთ ის რომ ჩვენ გელოდებით, ამასთან ევროპელი პოლიტიკოსების გადაწყვეტილება მათ მოსახლეობის სურვილის შესაბამისი უნდა იყოს.

ჩვენთვის კარგადა ცნობილი რომ ევროპის მოსახლეობა მხარს გვიჭერს. დარწმუნებული ვარ რომ თუ პოლიტიკოსებმა ეს ვერ გაიგეს, მოსახლეობა აუცილებლად გააგებინებს. ევროკავშირმა როგორც ჩვენთვის ასევე ევროპისთვის მეტი უნდა გააკეთოს. ჩვენ ამას ველოდებით.

თუ ოკუპანტი დღეს გახსნილი ჰუმანიტარული დერეფნების შეჩერებას შეეცდება და ცეცხლს გახსნის, მკაცრ პასუხს მიიღებს. იმ დონეზე მივიყვანთ რომ ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა თავად დასჭირდებათ. ისეთ მეზობელთან ცხოვრება, როგორც რუსეთია, მარტივი არ არის, თუმცა როგორც ყველამ დაინახა – არც ჩვენთან. დიდება უკრაინას”, – ამბობს ზელენსკი მიმართვაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები