შალვა პაპუაშვილი: პროცესი დაიძრა და ასოცირების ტრიოს სამივე ქვეყნისთვის მწვანე შუქია ანთებული

იმედი გაჩნდა, რომ ევროკავშირის მხრიდან აჩქარება მოხდეს. სამუშაოს რაღაც მოცულობაა, რაც დროში ვერ შემცირდება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ პროცესი დაიძრა და ასოცირების ტრიოს სამივე ქვეყნისთვის მწვანე შუქია ანთებული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე, ევროკავშირი შეისწავლის განაცხადის ავტორი ქვეყნების მზაობას, კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის.

პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ რაც უფრო მალე დაუახლოვდება საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირისას, მით უფრო მალე იქნება გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით.

„ევროკავშირში ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური განხილვა განაცხადების, რომლებიც უკრაინასთან ერთად საქართველომ და მოლდოვამ წარადგინეს. მისასალმებელია ის, რომ პროცესი დაიწყო. თავად პროცესის დაწყებასაც, როგორც წესი, დრო უნდა ხოლმე. პროცესი დაიწყო შესწავლით – კერძოდ ევროკავშირი შესაბამისი პროცედურის საფუძველზე შეისწავლის ამ სამი ქვეყნის მზაობას, მიენიჭოს თუ არა კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება იმას, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი – არსებობს მოცემული ეტაპები, რასაც გაწევრიანების, ან კანდიდატის მინიჭებისთვის, ბუნებრივია, ვერცერთი ქვეყანა ვერ გადაახტება, მაგრამ დაჩქარებისას საუბარია იმაზე, რომ ამ საკითხს უფრო კონცენტრირებულად მიუდგება როგორც ევროკავშირი, ასევე განაცხადის წარმდგენი ქვეყნები. ჩარჩოდ რჩება ასოცირების შეთანხმება. შეთანხმებაშია გაწერილი ყველა საჭირო მიზანი, რასაც საქართველომ უნდა მიაღწიოს, მათ შორის, საკანონმდებლო დაახლოების კუთხით, რაც პარლამენტს შეეხება. დღეს გაიმართა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, სადაც მეორე მოსმენით განიხილეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონი, ესეც არის ნაწილი იმისა, რასაც საქართველოს პარლამენტი აკეთებს, რათა დააჩქაროს პროცესი. რაც უფრო მალე დავუახლოვდებით ევროკავშირს საკანონმდებლო კუთხით, მით უფრო- მალე იქნება გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ჩვენს სტატუსთან დაკავშირებით.

ასოცირების ტრიოს წევრები ვართ, შესაბამისად, ამ ტრიოს მიმართ თანაბარი მიდგომაა იმ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, რაც ევროკავშირს აქვს. იმედი გაჩნდა, რომ ევროკავშირის მხრიდან აჩქარება მოხდეს. არის სამუშაოს რაღაც მოცულობა, რაც დროში ვერ შემცირდება, მაგრამ მთავარი არის ის, რომ პროცესი დაიძრა და მწვანე შუქია ანთებული ასოცირების ტრიოს სამივე ქვეყნისთვის. რამდენიმე წლით აქეთ გადმოიწია მდგომარეობამ და გადავედით იმ პროცესზე, როდესაც რეალური საუბარი ხდება, როგორი უნდა იყოს კანდიდატის სტატუსის მიღების, თუ გაწევრიანების პროცესი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები