“ის სავარაუდო შედეგი, რაც შეიძლება, მოჰყვეს რუსეთის აგრესიას, ძალიან ცოტა ქვეყანას თუ ესმის ისე, როგორც ეს ესმით საქართველოში”, – ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა “მთავარი არხის” ჟურნალისტის, დემნა დევდარიანის კითხვას – როგორ შეაფასებდა ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევასა და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ისინი არაეფექტურია.
პრაისის თქმით, პრინციპები, რომლებიც რუსეთმა 2008 წელს საქართველოში შეჭრით დაარღვია, იგივეა, რასაც დღეს უკრაინის შემთხვევაში არღვევს.
“მე ამას ვიტყოდი, რომ როცა საქმე საქართველოს ეხება, ცოტა ქვეყანას თუ ესმის რუსული აგრესიის სრული მასშტაბი და ამ აგრესიის შედეგების ისე, როგორც საქართველოს. ქვეყანაში, რომელშიც 2008 წელს რუსეთი შეიჭრა და ბევრი ქართველია, ვისაც, რა თქმა უნდა, ჯერ ისევ აქვს საშინელი მოგონებები ამ ომის.
ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, რომ მხარი დაუჭირონ არამხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობისთვის დაცვას, რომელიც ამ კონფლიქტიდან გამომდინარე მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, არამედ მხარი დაუჭირონ უფრო ფართო პრინციპის დაცვას, რომელიც ქვაკუთხედია კანონზე დაფუძნებული წესრიგის.
პრინციპები, რაც რუსეთმა დაარღვია 2008 წელს, როდესაც რუსული ძალები შეიჭრნენ საქართველოში, არის იგივე პრინციპები, რასაც ვლადიმერ პუტინი არღვევს დღეს.
საზღვრები უნდა იყოს ხელშეუხებელი, დიდი სახელმწიფოები, დიდი ქვეყნები არ უნდა ჩაგრავდნენ პატარა ქვეყნებს, პატარა ერებს. ყველა ეს საკითხი სასწორზეა. ამიტომაც ჩვენ მოვუწოდებთ ქვეყნებს, დადგნენ უკრაინის გვერდით”, – განაცხადა ნედ პრაისმა.