„არ მგონია, რომ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენამ შეაფერხოს საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ სივრცესთან“
არ მგონია, რომ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენამ შეაფერხოს საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ სივრცესთან, – ასე გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე რამდენიმე ამერიკელი სენატორის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას.
“მე ვფიქრობ, რომ ბრალდებები არის ძალიან სერიოზული და ყველას ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომ ეს იქნას გამოძიებული და დადასტურებული. ხოლო მას შემდეგ, რაც ეს დადასტურდება, არა მგონია, რომ რომელიმე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი იყოს წინააღმდეგი იმისა, რომ ის ხალხი, ვინც დანაშაული ჩაიდინა იყვნენ შესაბამისად დასჯილები”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატორები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის გამო იმედგაცრუებას გამოხატავენ. ამის შესახებ ნათქვამია სენატორების განცხადებაში, რომელიც აშშ-ის სენატის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.