რატი ბრეგაძე – „საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობა უფრო ინტენსიურ ფაზაში გადადის, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობის გაგრძელებაა“

„საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობა უფრო ინტენსიურ ფაზაში გადადის, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობის გაგრძელებაა“, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან მემორანდუმის გაფორმების შემდეგ განაცხადა. იუსტიციის მინისტრის თქმით, თანამშრომლობის გაღრმავება ორი ქვეყნის მეთაურების დამსახურებაა, რომლებიც ცდილობენ, მეზობელ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო განავითარონ.

საქართველოს და აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. რატი ბრეგაძის თქმით, დოკუმენტი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის უსაფრთხოების კიდევ უფრო განვითარებას.

“ხელშეკრულება, რომელსაც ჩვენ დღეს მოვაწერეთ ხელი, ხელს შეუწყობს ურთიერთობის განვითარებას ორი ქვეყნის ახალგაზრდა იურისტებს შორის, ასევე, ჩვენ ერთობლივი ძალებით გავაძლიერებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ ვებრძოლოთ დოკუმენტების გაყალბებას და, რა თქმა უნდა, სამართლის სფეროს ერთობლივად განვითარებისთვის გადავდგამთ ნაბიჯებს; არ დავიშურებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა იყოს კიდევ უფრო მეტად მტკიცე და, საბოლოო ჯამში, ჩვენს მოქალაქეებს შორის ურთიერთობა იყოს სამართლებრივად კიდევ უფრო მეტად დაზღვეული, რაც ჩვენი ქვეყნების უსაფრთხო განვითარებისათვის ახალ ეტაპზე გადასვლას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ფიქრათ მამადოვის თქმით, „მემორანდუმი ასახავს დღევანდელობას, დღევანდელ ვითარებას და იმ გამოწვევებს, რაც დღეს არსებობს მსოფლიოში“. მან აღნიშნა, რომ თანამშრომლობის განსაკუთრებული სფეროებია საინფორმაციო კომუნიკაციები და ტექნოლოგიები, სერვისების განვითარება და სხვა.

„ჩვენი თანამშრომლობის სფეროში შედის, ასევე, მსჯავრდებულთა სოციალური რეაბილიტაციის შესახებ გამოცდილების გაზიარება. მედიაციის განვითარება, ექსპერტების შეხვედრები, ვიზიტები, კონფერენციები, სიმპოზიუმები, სემინარები, რომლებიც ტარდება ჩვენს ქვეყნებს შორის“, – განაცხადა მან.

რატი ბრეგაძის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იუსტიციის მინისტრ ფიქრათ მამადოვთან ორმხრივი შეხვედრით დაიწყო. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას ის ინოვაციები გააცნო, რომლებსაც ქვეყანაში იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს.

ვიზიტის პირველ დღეს რატი ბრეგაძე აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას, აგრეთვე, აზერბაიჯან-საქართველოს საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ არზუ ნაგიევს შეხვდება.

დღესვე იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ღირსების ხეივანს ესტუმრა და ჰეიდარ ალიევის საფლავი გვირგვინით შეამკო.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში 10 მარტს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები