ვოლოდიმირ ზელენსკი: კრემლის პროპაგანდისტები მათ მსგავსად აგებენ პასუხს, ვინც მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის ბრძანებას გასცემს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა მედიამ მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, თუმცა, საზოგადოებას სწორი ინფორმაცია არ მიაწოდა.
“რუსულმა ტელევიზიებმა მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვა ახსენეს, თუმცა, არცერთი სიტყვა არ უთქვამთ სიმართლე, მოატყუეს რუსებს, თითქოს, საავადმყოფოში არცერთი პაციენტი არ იყო. ისინი, როგორც ყოველთვის, თავდაჯერებულად იტყუებიან”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან პირობა დადო, რომ კრემლის პროპაგანდისტები მათ მსგავსად აგებენ პასუხს, ვინც მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის ბრძანებას გასცემს.
“მინდა, მათ ერთი რამ ვუთხრა: თქვენ პასუხს აგებთ ისევე, როგორც ყველა, ვინც მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის ბრძანებას გასცემს. ჩვენ ვიპოვით პროპაგანდისტებისა და მათი თანამოაზრეების ყველა ქონებას და ყველაფერს გავაკეთებთ მათი კონფისკაციისთვის. თქვენ გიყვართ მდიდრული ცხოვრება, გიყვართ აყვავებული ქვეყნები. ეს აღარ გექნება. და ეს მხოლოდ დასაწყისია. თქვენ დაისჯებით ომის დანაშაულებში თანამონაწილეობისთვის”, – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, ქალაქ მარიუპოლში სამშობიაროს დაბომბვას, სულ მცირე, 3 ადამიანი ემსხვერპლა, 17 კი დაშავდა.