თინა ხიდაშელი: მაღალი თანამდებობის პირები პრემიას ვერ მიიღებენ

საჯარო სამსახურში პრემიების გაცემის წესი სამართლებრივად მოწესრიგდება. აღნიშნულის შესახებ ცვლილება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში შედის. დეპუტატ თინა ხიდაშელის განცხადებით, კანონპროექტის მიღების შემდეგ არცერთ მაღალი თანამდებობის პირზე პრემია არ გაიცემა. დეპუტატი საპარლამენტო უმცირესობის იმ წარმომადგენლებსაც გამოეხმაურა, რომლებიც, ხიდაშელის თქმით, პრემიებთან დაკავშირებით სპეკულირებენ.
“ყველა, ვისაც ირჩევს ხალხი საკრებულოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, საქართველოს პარლამენტში და ასევე ამ არჩეული ადამიანების მიერ არჩეული და დამტკიცებული პირები პრემიას ვერ მიიღებენ. არც ერთი ადამიანის ზნეობასა და მორალზე არ უნდა იყოს დამოკიდებული სახელმწიფო ბიუჯეტი. უნდა არსებობდეს საბიუჯეტო წესრიგი პოლიტიკური თანამდებობის პირებს შორის. ეს საბიუჯეტო წესრიგი მოითხოვს, რომ საქართველოს მოსახლეობამ, ამომრჩეველმა იცოდეს, რაში იხარჯება ბიუჯეტი და ფული. საქართველოს პარლამენტში უმცირესობის წარმომდგენლებს ვუპასუხებდი, რომ ყოველი მათგანი არის აბსოლუტურად უზნეო მათივე ლოგიკით, რადგან ისინი, საქართველოს პარლამენტის წევრები მუდმივად, 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ იღებდნენ პრემიებს”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე პარლამენტი, სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე იმსჯელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები