ეკონომიკის ექსპერტი, შოთა გულბანი ლარის კურსთან დაკავშირებით რამდენიმე გარემოებაზე საუბრობს, რომელიც, მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს.
“რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება, რაც საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს ლარის კურსთან დაკავშირებით მიმდინარე პერიოდში:
ხელოვნურად შექმნილი პანიკა და აჟიოტაჟი ბირჟებზე ლარის კურსს ყოველთვის აფუჭებს. უკვე საკმარისი პრაქტიკული გამოცდილება დაგროვდა სწორი ანალიზის გასაკეთებლად. კერძოდ გასული წლების სტატისტიკის თანახმად, ყოველთვის, როცა ქვეყანაში მოლოდინია იმის, რომ ეკონომიკური ვითარება შესაძლოა გაუარესდეს, ლარი დოლართან უფასურდება. ეს ხდება დოლარზე ერთობლივი მოთხოვნის ზრდით მოკლე ვადაში.
მაშინ, როდესაც ლარის გაუფასურების მაკროსაფუძვლები არ არსებობს, სებ-ის ჩარევას აზრი აქვს. ამის დასტურია 9 მარტის სავალუტო ინტერვენცია, რომლის შედეგადაც თუკი გარე ჯიხურებში კურსი ფიქსირდებოდა 3.45, ახლა ბლუმბერგზე დოლარი 3.32 ლარად ივაჭრება.
მიუხედავად რუსეთში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარებისა, რაც დიდი ალბათობით კიდევ უფრო გაუარესდება, საქართველოში რაიმე მნიშვნელოვანი მოლოდინები ეკონომიკური ვითარების გაუარესების კუთხით ობიექტურად არ არსებობს. ცხადია, სავალუტო შემოდინებები რუსეთიდან შემცირდება, მაგრამ იმისთვის, რომ ამან გავლენა არ იქონიოს კურსზე, ეროვნულ ბანკს სათანადო რეზერვები აქვს დოლარის დეფიციტის დასაბალანსებლად. შესაბამისად პანიკის საფუძველი არ არსებობს”, – აცხადებს გულბანი.