ვლადიმერ ჩაჩიბაია: უკრაინელი ხალხის ეთნიკური წმენდა აქტიურად მიმდინარეობს და ჩვენ ვხედავთ გენოციდის ფაქტებსაც
უკრაინაში ბრძოლა არის თეთრსა და შავს შორის. ერთი მხრივ, არსებობს საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობა, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გმობენ და მეორე მხრივ, არსებობს ბოროტი ძალა, რომლის მიზანს საბჭოთა კავშირის ძველი იმპერიის აღდგენა წარმოადგენს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა.
მისი შეფასებით, უკრაინაში ადგილი აქვს ადამიანის საერთაშორისო უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევას, რის გამოც საქმე ჰააგის სასამართლოში განიხილება.
“რაც უკრაინაში ხდება, განსაკუთრებით – საბავშვო ბაღების, საავადმყოფოებისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების დაბომბვის თვალსაზრისით, აჩვენებს, რომ უკრაინაში ადგილი აქვს სამხედრო დანაშაულს, რადგან არცერთი სამხედრო გადაწყვეტილების პროცესში ასეთი სახის ობიექტები სამხედრო ზემოქმედების ობიექტებად არ განიხილება. შესაბამისად, ადგილი აქვს ადამიანის საერთაშორისო უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევას, რის გამოც საქმე ჰააგის სასამართლოში განიხილება და აღნიშნულ ქმედებებზე შესაბამისი პირები იქნებიან პასუხისმგებელი. როცა სამხედრო ქმედებებს ახორციელებ, პასუხისმგებელი ხარ იმაზე, რომ სამხედრო ობიექტებზე იყოს ზემოქმედება, მაგრამ როცა ხდება საბავშვო ბაღებისა და საავადმყოფოებზე სამხედრო იერიშები, ამ შემთხვევაში, ადგილი აქვს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას, რასაც პასუხი გაეცემა. უკრაინელი ხალხის ეთნიკური წმენდა აქტიურად მიმდინარეობს და ჩვენ ვხედავთ გენოციდის ფაქტებსაც. ამას შესაბამის პასუხს გასცემს ჰააგის სასამართლო და მიმდინარე გამოძიება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანმა პასუხი აგოს ამ ბოროტებაზე“, – განაცხადა ჩაჩიბაიამ.