ნინო თანდილაშვილი: საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, საერთაშორისო ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს

ყატარის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნინო თანდილაშვილი მსხვილი სავაჭრო ჰიპერმარკეტების ქსელის „ლულუ” აღმასრულებელ დირექტორ მუჰამედ ალ ტაფს შეხვდა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქციის პოპულარიზაციისა და ღირსეული ადგილის დამკვიდრების მნიშვნელობას.

სამინისტროს განცხადებით, გასული წლის ივნისში, საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, 50-მდე დასახელების ქართული პროდუქტი ყატარში არსებულ „ლულუს“ ქსელის 14 სავაჭრო ობიექტში განთავსდა. შეხვედრაზე ასევე lulu international-ის მიერ საქართველოში რეგიონული სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნის საკითხი განიხილეს.

როგორც მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, საერთაშორისო ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. კერძოდ, ყატარის სახელმწიფოში ბოლო ორი წელია გაზრდილია ინტერესი სხვადასხვა დასახელების ქართული პროდუქტის მიმართ.

სავაჭრო ჰიპერმარკეტების ქსელის „ლულუ“ აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, საქართველოს მთავრობისა და ყატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს მიერ გაწეული ძალისხმევა მნიშვნელოვანია, რაც ხელს უწყობს საქართველოში წარმოებული პროდუქციის განთავსებას ყურის ქვეყნებში არსებულ სავაჭრო ქსელებში.

მისივე თქმით, მისასალმებელია საქართველოდან მაღალი ხარისხის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ზრდა. აღმასრულებელმა დირექტორმა მზადყოფნა გამოთქვა, ხელი შეუწყოს ქართველ მწარმოებლებს პროდუქციის პოპულარიზაციის საკითხებში.

ნინო თანდილაშვილთან ერთად, შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყატარის სახელმწიფოში ნიკოლოზ რევაზიშვილი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები