პარლამენტის თავმჯდომარემ ეროვნული ბიბლიოთეკაში წიგნის განახლებული მუზეუმი დაათვალიერა

„ეროვნული ბიბლიოთეკა ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის კერას წარმოადგენს – ის განსაკუთრებული ადგილია, რომელშიც ჩვენი ქვეყნის სულიერი საგანძური ინახება და ამ საგანძურს განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში განაცხადა, სადაც წიგნის განახლებული მუზეუმი დეპუტატებთან ერთად დაათვალიერა.

პარლამენტის თავმჯდომარემ შეკრებილებს სიტყვით მიმართა და როგორც ბიბლიოთეკის, ასევე, მისი თანამშრომლების საქმიანობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული საარქივო დოკუმენტები უკვე ეროვნული ბიბლიოთეკის საკუთრებაა, რაც გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული კულტურული და ლიტერატურული მემკვიდრეობა ჩვენს ქვეყანაში შენარჩუნდება და ყველა თაობის წარმომადგენელს შეეძლება, იხილოს შემონახული მასალები.

დღევანდელ დღეს უკვე ყველანაირი პირობაა შექმნილი ქართული ძველნაბეჭდი წიგნების, ასევე, უცხოური გამოცემების შესაბამისად შენახვისა და გამოფენისთვის. ამ საგანძურს განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება, რადგან სწორედ ბიბლიოთეკა წარმოადგენს ჩვენი მეხსიერების გამდიდრების უნიკალურ ადგილს, რომელიც, აგრეთვე, ჩვენი საზოგადოების პროგრესს უწყობს ხელს. მოხარული ვარ, რომ თანამედროვეობასთან შესაბამისობაში, ეროვნული საპარლამენტო ბიბლიოთეკა ეტაპობრივად ნერგავს სიახლეებს. იგეგმება გამოფენილი მასალების გაციფრება და მათი ბიბლიოთეკის ელექტრონულ ბაზაში განთავსებაც. მსურს, მადლობა გადავუხადო ეროვნული ბიბლიოთეკის თითოეულ თანამშრომელს მათი საქმიანობისთვის.

გისურვებთ შემდგომ წარმატებას ჩვენი ქვეყნისთვისა და მომავალი თაობებისთვის გაწეულ ასეთ მნიშვნელოვან საქმეში”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, განსაკუთრებით ემოციური იყო უკრაინული რარიტეტული გამოცემების ნახვა. სიტყვით გამოსვლისას, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო უკრაინის გვერდით დგას. ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ შალვა პაპუაშვილს ბიბლიოთეკის მუშაობის ძირითად მიმართულებები გააცნო. მისი თქმით, წიგნის მუზეუმში სარემონტო სამუშაოები დასრულებულია, რომლის შედეგადაც განახლდა როგორც მუზეუმი, ისე იშვიათ გამოცემათა საცავი. გიორგი კეკელიძის ინფორმაციით, განახლებულ წიგნის მუზეუმში გამოიფინება როგორც ქართული ძველნაბეჭდი წიგნები, ისე უცხოური გამოცემები, „ვეფხისტყაოსნის” იშვიათი ეგზემპლარები, მათ შორის შოთა რუსთაველის პოემის უკრაინული თარგმანი, უკრაინული რარიტეტული გამოცემები, ასევე ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ პანდემიის პერიოდში შესყიდული უნიკალური საარქივო მასალები. აღნიშნული საარქივო დოკუმენტები აქამდე კერძო კოლექციებში ინახებოდა, ამჟამად კი მასალები ეროვნული ბიბლიოთეკის საკუთრებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები