ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა
ონის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 18 ადმინისტრაციული ერთეულის 64 სოფელში ჩატარდა.
8 მარტს ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე – ბაჩანა მარკოიშვილი და სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი ბარის, შქმერის და მრავალძლიას ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
აღნიშნულ სოფლებში ჩატარდა საერთო კრებების სხდომები, მოსახლეობას გაეწია კონსულტაციები საპროექტო წინადადებების შერჩევასთან დაკავშირებით და განემარტა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციაზე სახელმძღვანელოს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით საპროექტო წინადადებების შერჩევა” შესაბამისად.
საერთო კრებებზე მოსახლეობამ სოფლისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები განსაზღვრა, რაც “სოფლის პროგრამის ფარგლებში” დაფინანსდება.
შეგახსენებთ, რომ გასულ 2021 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში 60-ზე მეტი პროექტი განხორციელდა, რისთვისაც, ჯამურად, 629686,99 ლარი დაიხარჯა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხებით და თანადაფინანსებით ონის მუნიციპალიტეტში 2022 წელს 820 000 ლარი დაიხარჯება.