ოლენა ზელენსკა: დახურეთ ცა და მიწაზე ომს ჩვენ თვითონ მოვაგვარებთ

დახურეთ ცა და მიწაზე ომს ჩვენ თვითონ მოვაგვარებთ – უკრაინა აკავებს ძალებს, რომლებიც ხვალ შესაძლოა, თქვენს ქალაქებში შევიდნენ, – წერს უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა სოციალურ ქსელში.

ოლენა ზელენსკამ სოციალურ ქსელში ღია წერილი გამოაქვეყნა და დასავლეთ საჰაერო სივრცის დახურვისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„მიუხედავად იმისა, რომ პროკრემლის პროპაგანდისტული საშუალებები მას „სპეციალურ ოპერაციას“ უწოდებენ, ეს არის უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა.

ამ შემოსევის ყველაზე საშინელი და დამანგრეველი ნაწილი ბავშვების მსხვერპლშეწირვაა. რვა წლის ალისა, რომელიც ახტირკას ქუჩაზე გარდაიცვალა, როდესაც ბაბუა მის დაცვას ცდილობდა. პოლინა კიევიდან, რომელიც დაბომბვისას მშობლებთან ერთად დაიღუპა. 14 წლის არსენს ნამსხვრევები თავში მოხვდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, რადგან ძლიერი ხანძრის გამო სასწრაფო დახმარების მანქანა დროულად ვერ მივიდა.

როდესაც რუსეთი ამბობს, რომ “არ აწარმოებს ომს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ”, მე ჯერ ამ მოკლული ბავშვების სახელებს ვიხსენებ.

ჩვენი ქალები და ბავშვები ახლა თავშესაფრებსა და სარდაფებში ცხოვრობენ.

უკრაინას მშვიდობა სურს. მაგრამ უკრაინა დაიცავს თავის საზღვრებს. დაიცავით თქვენი ვინაობა. ამაში დათმობა არ შეიძლება.

ჩვენ უნდა დავხუროთ ცა უკრაინის თავზე! დახურეთ ცა და ჩვენ თვითონ მოვაგვარებთ ომს მიწაზე!

უკრაინის ომი არ არის ომი “სადღაც გარეთ”. ეს არის ომი ევროპაში, ევროკავშირის საზღვრებიდან არცთუ ისე შორს. უკრაინა აკავებს ძალებს, რომლებიც ხვალ შესაძლოა, თქვენს ქალაქებში შევიდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენის საბაბით.

ეს არის რეალობა, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ. და არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება, თუ პუტინის ბირთვული ომის დაწყების მუქარას არ შევაჩერებთ, მსოფლიოში არცერთი ჩვენგანისთვის არ იქნება უსაფრთხო ადგილი“, – წერს ოლენა ზელენსკა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები