უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა ქვეყნის პირველი პირის მიერ ABC-სთან საუბარში კრემლის ულტიმატუმებთან დაკავშირებით ნათქვამი სიტყვები განმარტა.
როგორ პოდოლიაკმა უკრაინულ გამოცემა Strana,ua-ს უთხრა, „თუ რუსეთის ულტიმატუმი გაჟღერდა, ლოგიკურია, რომ ჟურნალისტები მათზე სვამენ კითხვებს. ასევე ლოგიკურია, რომ ამ კითხვებზე უკრაინის წარმომადგენლები და პრეზიდენტი ზელენსკი პასუხობენ რაც შეიძლება დიპლომატიურად, რომ ამან არ გააუარესოს მოლაპარაკებათა პოზიცია ან სიტუაცია ადგილზე, სადაც საომარი მოქმედებები გრძელდება”.
მისი თქმით, უკრაინა რუსულ ულტიმატუმებზე არ რეაგირებს, ისინი არაეფექტურია და რუსეთს არაფრით წაადგება.
“აქვე გეტყვით, რომ ჩვენ არ აღვიქვამთ არცერთ რუსულ ულტიმატუმს, როგორც ასეთს. ულტიმატუმები არაეფექტური იარაღია და რუსეთს არანაირად არ წაადგება. ჩვენ მზად ვართ, საკვანძო საკითხებზე კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის. მთავარი, რა თქმა უნდა, უსაფრთხოებაა. საომარი მოქმედებების შეწყვეტა, ჩვენი ქალაქების დაბომბვის შეწყვეტა, რუსული საოკუპაციო ჯარების და „როსგვარდიის“ სადამსჯელო ძალებისა და სპეცრაზმის გაყვანა”, – თქვა მან.
პოდოლიაკის თქმით, “რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხებს, პრეზიდენტ ზელენსკის არ ეშინია რუსულ მხარესთან რაიმე პოლიტიკურ საკითხზე საუბარი”.
“მაგრამ, ბუნებრივია, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენს ეროვნულ სახელმწიფოებრიობას, ჩვენს ეროვნულ უფლებებს და ჩვენ უნდა მივიღოთ მკაფიო და კონკრეტული იურიდიულად სავალდებულო გარანტიები, ჩვენი უსაფრთხოებისთვის იმ სიტუაციაში, როდესაც ნატო ღიად ამბობს, რომ უკრაინის მიღება არ იქნება. ახლა დეტალებზე საუბარს აზრი არ აქვს. ახლა მთავარია უკრაინის ფიზიკურად დაცვა“, – განაცხადა პოდოლიაკმა.