“ჩეჩნეთის მიწაზე ფეხს ვერ დადგამთ” – კადიროვმა იაპონიას საპასუხო სანქციები დაუწესა
რუსეთის მიერ ჩეჩნეთის ხელმძღვანელად ხელდასმული, რამზან კადიროვი იაპონიას საპასუხო სანქციებს უწესებს.
როგორც მან ტელეგრამის არხზე დაწერა, გაკვირვებული იყო იაპონიის გადაწყვეტილებით, რომელმაც პირადად მის წინააღმდეგ დააწესა სანქციები.
მისი თქმით, ამ შეზღუდვების არ ეშინია, რადგან იაპონიაში ანგარიშები არ გააჩნია.
“ვალდებული ვარ, ზუსტად იგივე საპასუხო ზომები მივიღო. ამიერიდან, იაპონიის ხელმძღვანელობა ჩეჩნეთის მიწაზე ფეხს ვერ დადგამს, გარდა ორი ადგილისა – სოფლების ბრაგუნისა და სამაშკის ფსიქიატრიული საავადმყოფოებისა. მე არ ვარ მონსტრი, რომ მათ აუცილებელი მკურნალობა მოვაკლო. მათი მთელი ქონება და საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია, გაიყიდება, თანხები კი კურილის კუნძულების განვითარების ფონდში გადაიგზავნება.
მაგრამ სერიოზულად, იცით, მიმიფურთხებია ნებისმიერი ქვეყნის სანქციებისთვის. მხოლოდ ერთი რამის მეშინია – უფლის სანქციების ქვეშ მოვექცე! მხოლოდ ალაჰთან ურთიერთობის გაფუჭების მეშინია!”, – წერს კადიროვი.