გიორგი შარაშენიძე: ჩამოყალიბდეს საგანგებო სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის სხვადასხვა სახელისუფლებო შტოების და სამოქალაქო სექტორის მუშაობის კოორდინაციას

“ჩამოყალიბდეს საგანგებო სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის სხვადასხვა სახელისუფლებო შტოების და სამოქალაქო სექტორის მუშაობის კოორდინაციას”, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ პარტიის წევრებთან ერთად ბრიფინგზე განაცხადა.

შარაშიძის თქმით, ევროკავშირმა მყისიერი რეაგირება მოახდინა და დაძრა პროცედურები გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ამიტომ პარტია „საქართველოსთვის“ მოუწოდებს „ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ გვერდზე გადადონ ვიწრო პარტიული ინტერესები, შეწყვიტონ პოლიტიკა, რომელიც ქვეყანას რადიკალიზაციისკენ მიაქანებს და გაერთიანდნენ საზოგადოებასთან ერთად უსაფრთხოებისა და ევროინტეგრაციის ინტერესების ირგვლივ.

„გუშინ, 7 მარტს, ევროკავშირის საბჭომ, განხილვის შედეგად, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში წევრობის განაცხადები ევროკომისიას გაუგზავნა შემდგომი პროცედურებისთვის.

ის, რომ ევროკავშირმა ასეთი მყისიერი რეაგირება მოახდინა და დაძრა პროცედურები ჩვენი ქვეყნების გაწევრიანების საკითხის შესახებ, უმნიშვნელოვანესია და მისასალმებელია, რისთვისაც მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ევროკავშირს.

დღეს სასწორზე საქართველოს თავისუფალი მომავალია, რომლის ქართველი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის წართმევის უფლება არავის აქვს, მათ შორის არავის არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციის რომელიმე ფრთიდან!

ამიტომ, მოვუწოდებთ ოცნებასაც და ნაციონალურ მოძრაობასაც – გვერდზე გადადეთ ვიწრო პარტიული ინტერესები, შეწყვიტეთ პოლიტიკა, რომელიც ქვეყანას რადიკალიზაციისკენ მიაქანებს, დღეს უსაფრთხოებისა და ევროინტეგრაციის ინტერესების ირგვლივ უნდა გაერთიანდეს საზოგადოება” – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

პარტიამ “საქართველოსთვის” წარმოადგინა გეგმა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ხელისუფლებამ უნდა გაატაროს.

” ხელისუფლებას, რომელსაც ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა აკისრია, პარტია „საქართველოსთვის“ მოვუწოდებთ და ვთავაზობთ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას:

1. გამოვდივართ ინიციატივით – ჩამოყალიბდეს საგანგებო სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო და აუცილებელი სრული პროცესის, მათ შორის, სხვადასხვა სახელისუფლებო შტოების (პარლამენტი, პრეზიდენტი, მთავრობა), ასევე სამოქალაქო სექტორის კოორდინირებულ მუშაობას;

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ინიციატივა გიორგი გახარიამ 2020 წლის დეკემბერში გააჟღერა, რომლის აღსრულების პროცესი დაწყებულიც კი იყო.

დღეს, პარტია „საქართველოსთვის“ გუნდი, რომლსაც წარმოადგენენ, ევრო და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში პროფესიონალები, მათ შორის, ამ საერთაშორისო სტრუქტურებში ყოფილი ელჩები, სრულ მზადყოფნას და მზაობას გამოვთქვამთ, პროცესის მაქსიმალური ხელშეწყობისთვის.

2. შემუშავდეს ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომელშიც ასახული იქნება ის თანმიმდევრული ნაბიჯები, რაც უნდა გადაიდგას როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე, ქვეყნის შიგნით;

– მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, უკრაინასა და მოლდოვასთან მჭიდრო და ეფექტიანი კოორდინაციის საკითხი;

– ამასთან, გეგმა უნდა მოიცავდეს ეფექტიანი სტრატეგიული კომუნიკაციის განხორციელებას, საზოგადოების ინფორმირების, ჩართულობის უზრუნველყოფისთვის; ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საპარლამენტო ჯგუფებთან, საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფებთან ეფექტიანი მუშაობის საკითხებს;

3. უნდა შემუშავდეს კონსენსუსზე დაფუძნებული ამბიციური რეფორმების დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს:

• უსაფრთხოების სექტორის სისტემური რეფორმა;

• საჯარო სამსახურის დეპოლიტიზება;

• მართლმსაჯულების სისტემის ყოვლისმომცველი და სიღრმისეული რეფორმა;

• დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა;

• რუსეთზე დამოკიდებულების შემცირების გეგმა მათ შორის ევროკავშირში პროდუქციის ექსპორტის დივერსიფიკაციის გეგმა, მცირე და საშუალო ბიზნესის ევროკავშირში საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდა;

• ექსპორტის სტრატეგიის შემუშავება და იმპლემენტაცია;

• სოციალური დაცვის სისტემის რეფორმა;

• სახელმწიფო შესყიდვების სფეროში საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოება ევროკავშირთან;

4. დაუყოვნებლივ დაიწყოს რეფორმების იმპლემენტაცია”, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები