ბრიტანეთი მზად არის, პოლონეთს მხარი დაუჭიროს, თუ ვარშავა კიევისთვის თვითმფრინავების მიწოდებას გადაწყვეტს
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი მხარს დაუჭერს პოლონეთს, თუ ვარშავა კიევისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას გადაწყვეტს.
ამასთან, უოლესი ვარშავას აფრთხილებს, რომ ეს ქმედება პოლონეთისთვის პირდაპირი შედეგის მომტანი იქნება.
ამის შესახებ Reuters-ი წერს.
”მე მხარს ვუჭერ პოლონელებს და მათ ნებისმიერ არჩევანს,” – თქვა ბრიტანელმა მინისტრმა და დასძინა, რომ გაერთიანებული სამეფო ვერ გამოყოფს თვითმფრინავებს, რომლებითაც შესაძლოა, უკრაინელებმა ისარგებლონ.
“ჩვენ დავიცავთ პოლონეთს, დავეხმარებით ყველაფერში, რაც მათ დასჭირდებათ. პოლონეთს ესმის, რომ მათი არჩევანი, არამარტო დაეხმარება უკრაინას, რაც კარგია, არამედ შესაძლებელია, მიიყვანოს ის ცეცხლამდე ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა რუსეთი ან ბელარუსი“, – განაცხადა მინისტრმა.
ამ დრომდე, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას თავდაცვითი იარაღი მიაწოდა, ასევე, სხვა სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია.
უოლესმა თქვა, რომ ხვალ ქვეყნის პარლამენტში განცხადებას გააკეთებს, რომელშიც იტყვის თუ რა დახმარება იგეგმება ბრიტანეთის მხრიდან, იქნება ეს ლეტალური თუ არალეტალური, ასევე, გამოცხადდება, თუ რა ზომების მიღებისკენ მოუწოდებს ბრიტანეთის მთავრობა სხვა ქვეყნებს.