რუსეთში, უკრაინის ომზე დასმული კითხვების გამო, მეექვსეკლასელი ბავშვი გამოკითხვაზე დაიბარეს
მოსკოვში გამოკითხვაზე დაიბარეს მეექვსეკლასელი, რომელმაც მასწავლებელს ჰკითხა, რატომ დაიწყო ვლადიმერ პუტინმა ომი უკრაინაში, შესვენებაზე კი დერეფანში “დიდება უკრაინას” ყვიროდა. ამის შესახებ “ნოვაია გაზეტა” წერს.
როგორც 12 წლის კირილი ამბობს, პედაგოგმა მას უპასუხა, რომ რუსეთი უკრაინაში “სპეცოპერაციას” ატარებს.
“მასწავლებელმა გვითხრა: “მე ზუსტად არ ვიცი, სად არიან ახლა ჩვენი მეომრები, მაგრამ თუ ისინი შუა გზაში გაჩერდებიან, მაშინ უკრაინის აგრესია გაგრძელდება”. თანაკლასელების უმრავლესობაც უსვამდა კითხვებს მასწავლებელს. მან ასევე გვითხრა, რომ უკრაინაში ნაციზმი ყვავის და იქ პირველი კლასიდანვე ასწავლიან, რომ უკრაინა ზესახელმწიფოა. “მე ბევრი მეგობარი მყავს უკრაინაში, ვკითხე მათ და მითხრეს, რომ მათ სახელმძღვანელოებში მსგავსი რამ არ წერია” , – ამბობს კირილი.
გამოცემის ინფორმაციით, კირილის დედას, ნატალიას გაკვეთილების შემდეგ უცხო ნომრიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ პოლიციაში მისულიყო. მომდევნო დღეს კი ნატალიას კლასის დამრიგებელმა დაურეკა და აცნობა, რომ ინსპექციის თანამშრომლებს მასთან და კირილთან გასაუბრება სურდათ. მეორე დღეს ნატალია მივიდა სკოლაში და დაწერა განცხადება შვილის სკოლიდან გაყვანის შესახებ, “რომ მასზე ახორციელებენ ზეწოლას და უქმნიან არასათანადო გარემოს განათლების მისაღებად.”