მსოფლიო ბანკი უკრაინას ხელფასებისა და პენსიების გასაცემად დამატებით 723 მილიონ დოლარს გამოუყოფს
მსოფლიო ბანკი „საგანგებო ეკონომიკური ვითარების დასაძლევად“ უკრაინას დამატებით 723 მილიონ დოლარს გამოუყოფს.
ამის შესახებ ინფორმაცია ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კერძოდ, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა 489 მილიონი აშშ დოლარის მხარდაჭერის პაკეტი: აქედან 350 მილიონი დოლარის სესხი რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისგან; 80 მილიონი დოლარის გარანტია ნიდერლანდებიდან და 50 მილიონი დოლარი შვედეთიდან.
„სწრაფი მხარდაჭერა დაეხმარება უკრაინის მთავრობას მოქალაქეებისთვის კრიტიკული სერვისების მიწოდებაში, კერძოდ, გადაუხადოს ხელფასი სამედიცინო პერსონალს, გაისტუმროს პენსიონერები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გარდა ამისა, უკრაინა მიიღებს 134 მილიონი დოლარის საგრანტო დაფინანსებას: 100 მილიონი დოლარი დიდი ბრიტანეთიდან, 22 მილიონი დოლარი დანიიდან და კიდევ 12 მილიონი ლატვიიდან, ლიეტუვადან და ისლანდიიდან.
გარდა ამისა, იაპონია მხარდაჭერის პაკეტის პარალელურად 100 მილიონ დოლარს გამოყოფს.
აღინიშნება, რომ მსოფლიო ბანკი უკრაინისთვის კიდევ 3 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს ამზადებს, რომელიც უახლოეს თვეებში უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ასევე გამოყოფს დამატებით თანხებს უკრაინელი ლტოლვილების მიმღები ქვეყნებისთვის.