დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გენო ადამიას დაბადების დღეა
დღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორის გენო ადამიანის დაბადების დღეა. გენო ადამიას 8 მარტს 86 წელი შეუსრულდებოდა. გენო ადამია 1992 წლის აგვისტოში 23-ე ბრიგადის მეთაურის მოადგილედ, ამავე წლის სექტემბერში კი – ბრიგადის მეთაურად და სოხუმის გარნიზონის უფროსად დაინიშნა. მის სახელს უკავშირდება სოხუმის დასაცავად განხორციელებული თითქმის ყველა მნიშვნელოვანი და წარმატებული სამხედრო ოპერაცია. გენო ადამიასთან ერთად იბრძოდა მისი ორი ვაჟი.
გენერალი გენო ადამია კოდორის ხიდზე, სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს, 1993 წლის 28 სექტემბერს დაიღუპა. ის კოდორის ხიდთან მოკლეს, როდესაც უკან, სოხუმში შესვლას ცდილობდა. ოთხი თვის შემდეგ, მისი ნეშტი, საქართველოში გადმოასვენეს და სამხედრო პატივით, ქართულ მიწას მიაბარეს. დაკრძალულია თბილისის ძმათა სასაფლაოზე.
გასულ წელს, გენო ადამიას, გარდაცვალების შემდეგ, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. გენო ადამიას სიკვდილის შემდეგ ასევე მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის I და III ხარისხის ორდენები.