ნიკოლოზ სამხარაძე ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს წერილით მიმართავს

„გადამწყვეტია, რომ ევროკავშირმა გამოავლინოს პოლიტიკური ნება და მიანიჭოს საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი, რითაც ევროკავშირი ასევე გააგზავნის მკაფიო სიგნალს მთელ მსოფლიოში, რომ თითოეული დამოუკიდებელი სახელმწიფო თავისუფალია აირჩიოს განვითარების საკუთარი გზა”, – ნათქვამია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ოფიციალურ წერილში.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ნიკოლოზ სამხარაძე ევროპელ კოლეგებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რომელსაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება და არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების – დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას, ასევე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას. სუვერენულ სახელმწიფოში სამხედრო შეჭრა და ძალის გამოყენებით ევროპის რუკის შეცვლა სრულიად მიუღებელია და იგი წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს ევროპისა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის.

საქართველო ერთგულია საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების მიმართ და სრულად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას და ვაგრძელებთ უკრაინის თანმიმდევრულ მხარდაჭერას საერთაშორისო არენაზე, რაზეც ნათლად მეტყველებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ბოლო ნაბიჯები:

1) საქართველო გახდა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის თანა-სპონსორი, რომელმაც დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში და მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის A/RES/ES-11/1 რეზოლუციას „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ”;

2) საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლობის უფლების შეჩერებასთან დაკავშირებით როგორც მინისტრთა კომიტეტში, ასევე საპარლამენტო ასამბლეაში;

3) 24-25 თებერვალს მე, როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, მონაწილეობა მივიღე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში, მოვუწოდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას უკრაინის მიმართ ძლიერი მხარდაჭერისკენ და დავგმე რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის მარიონეტული რეჟიმების ე. წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება;

4) გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დაგმო რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და გამოხატა ძლიერი სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ;

5) საქართველოსა და კიდევ 38 ქვეყნის მიმართვის საფუძველზე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში ომის დანაშაულების გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.

ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ საქმიანობისა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს საერთაშორისო დონეზე უკრაინის მხარდასაჭერად.

უკრაინის ომი წარმოადგენს იმ სცენარის განმეორებას, რამაც საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია. საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიიდან 14 წელი გავიდა. თუმცა, ძნელია ჩვენს ქვეყანაში არსებულ ამჟამინდელ ვითარებას მშვიდობა ვუწოდოთ. მოსკოვმა გაააქტიურა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პროცესი და ყოველდღიურად აგრძელებს პროვოკაციებს, რაც იწვევს ადგილზე არსებული ვითარების სერიოზულ დესტაბილიზაციას. საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების დამონტაჟება, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცება და უკანონო დაკავება, ასევე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, ეთნიკურად ქართველი სკოლის მოსწავლეებისთვის დაწყებითი განათლების მშობლიურ ენაზე მიღების უფლების ჩამორთმევა, ქართული სოფლებისთვის სახელების გადარქმევა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვალის წაშლა, მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმისა, თუ რა მოჰყვა საქართველოს ისტორიული კუთხეების ოკუპაციას.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის სამხედრო გაძლიერება, უკანონო მილიტარიზაცია და რეგულარული სამხედრო წვრთნები კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვქვეშ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ცხადყოფს, რომ ადრე თუ გვიან, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ საქართველო კვლავ დადგება განმეორებითი სრულმასშტაბიანი ომის წინაშე.

მნიშვნელოვანია, რომ არ გავიმეოროთ 2008 წლის შეცდომები და დავიწყოთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება თქვენს მხარდაჭერას, რათა საქართველომ შეძლოს თავისი არჩევანის სისრულეში მოყვანა, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას უკავშირდება. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერა ახალ გეოპოლიტიკურ და ჰუმანიტარულ კატასტროფებს აგვაცილებს თავიდან. ამასთანავე ეს იქნება მნიშვნელოვანი სიგნალი, რომ აგრესია არ არის ევროპის პოლიტიკური და უსაფრთხოების არქიტექტურის შეცვლის გზა.

როგორც მოგეხსენებათ, 3 მარტს, შეცვლილი გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების გარემოს გამო, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი დაჩქარებული წესით შეიტანა. გთხოვთ, მჭიდროდ იმუშავოთ თქვენს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, რათა ევროპულმა საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მინიჭების შესახებ.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციური ამოცანაა და მას მხარს უჭერს ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა და სიმპათიისა. აქედან გამომდინარე, გადამწყვეტია, რომ ევროკავშირმა გამოავლინოს პოლიტიკური ნება და მიანიჭოს საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი, რითაც ევროკავშირი ასევე გააგზავნის მკაფიო სიგნალს მთელს მსოფლიოში, რომ თითოეული დამოუკიდებელი სახელმწიფო თავისუფალია აირჩიოს განვითარების საკუთარი გზა”, – ნათქვამია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები