რუსეთ-საქართველო და ალტერნატიული ბაზრები – გიორგი ცუცქირიძის ანალიზი
“სტრატეგიულ პარტნიორებთან აქტიური მოლაპარაკება უნდა დაიწყოს ამერიკის და ევროპის ბაზრებზე ქართული პროდუქციის კვოტების გაზრდაზე, და მარკეტინგული ხარჯების ნაწილიც მთავრობის მხრიდან გახდება დასაფინანსებელი”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორი იქნება რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოზე და რომელი ალტერნატიული ბაზრების მოძიებაა შესაძლებელი რუსეთის ბაზრის ჩასანაცვლებლად, ეკონომისტი თავის ანალიზს გვიზიარებს.
“წლის დასაწყისში ეკონომიკის ზრდის 18%-იანი მაჩვენებელი, არა მხოლოდ ძალიან მაღალია, არამედ აჭარბებს ყველა საპროგნოზო მაჩვენებელს და გასული წლის ორნიშნა ზრდის თავისებურ გაგრძელებასაც წარმოადგენს, როდესაც მთელ ევროპაში ირლანდიის შემდეგ ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი გვქონდა. მიმდინარე წლის იანვარში ეკონომიკური ზრდის 18 %-იანი მაჩვენებელი სარეკორდოა რეგიონშიც და მთლიანად ევროპაშიც.
მაღალ ზრდას განაპირობებდა, როგორც საწარმოთა ბრუნვის გაზრდილი მაჩვენებელი, ასევე მზარდ საგარეო ვაჭრობაში ექსპორტის 47%-იანი ზრდა, ადგილობრივი ექსპორტის ხვედრითი წილის ზრდით, ტურიზმთან ერთად. პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის გაჯანსაღების ტენდენცია, უკვე გასული წლის ბოლოს აისახა კიდეც დასაქმების ზრდაზე, როგორც დაქირავებული მუშახელის, ისე თვითდასაქმებულთა ზრდის თვალსაზრისით, რამაც უმუშევრობის დონე 1.4 %-ით შეამცირა.
წლის დასაწყისში ეკონომიკის მაღალი ზრდა, გასული წლის მეორე კვარტლიდან ეკონომიკის გახსნასთან ერთად, დიდწილად განპირობებულია პანდემიურ და პოსტპანდემიურ პერიოდებში ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამებით, განსაკუთრებით ადგილობრივი წარმოების სტიმულირების თვალსაზრისით. ეს უპირველესად სახელმწიფო პროგრამა -“აწარმოე საქართველოში” გაზრდილ კომპონენტებს ეხება, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით.
ყველა მაკროეკონომიკური მონაცემით, ჩვენ თებერვალშიც მაღალი ზრდა გვექნება, რადგან რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში თებერვლის ბოლოს დაიწყო და ნაკლებად აისახება ეკონომიკურ პარამეტრებზე.
რაც შეეხება პირველი კვარტლის და ზოგადად ამ წლის პროგნოზს, ჩემი შეფასებით, მარტიდან გვექნება გარკვეული პრობლემები ექსპორტთან და ასევე ფულად გზავნილებთან დაკავშირებით, რადგან რუსეთ -უკრაინის ომი ყველაზე ცხელ ფაზაში შედის და მისი დასრულების ალბათობაც კვლავ მცირეა.
ბუნებრივია, მთავრობის დაანონსებული პროგრამები, როგორც დასაქმების პროგრამა, ასევე ეკონომიკის სტიმულირების პროგრამები, ზრდის კარგი კონტრიბუტორი იქნება, თუმცა უკრაინის კრიზისი, ჩვენ ეკონომიკაზეც აისახება და არც თუ მცირედ. რუსული სანქციები, განსაკუთრებით რუსეთის “სვიფტიდან” ჩახსნა და უცხოურ ვალუტებთან წვდომის შეზღუდვა, რუსეთის ეკონომიკას მინიმუმ 12% %-ით შეამცირებს, მარტო “სვიფტს” ექნება 5%-7 %-იანი ვარდნის “ბირთვული ეფექტის” ზეგავლენა ეკონომიკაზე.
რუსეთის “სვიფტიდან” გათიშვა და რუსეთის ეკონომიკის ვარდნის გამო, ცალკე შექმნის პრობლემებს ექსპორტიორ კომპანიებისათვის, ფულად გზავნილებზეც და ტურიზმზეც. განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებს, ღვინის და აგროპროდუქციის მწარმოებელ კომპანიებს და ფიზიკურ პირებს ექნებათ სერიოზული პრობლემები, მარტო რუსეთში ექსპორტი 610 მილიონ აშშ დოლარამდეა, რაც ექსპორტის 14 % ია. ამასთან, რუსეთის ბაზარზე გადის ღვინის ექსპორტის 55 %. თუ ამას უკრაინასაც დავუმატებთ, ექსპორტში 7 %-იანი წილით, 300 მლნ აშშ დოლარი გამოვა. “სვიფტის” ნეგატიური ეფექტის გარეშეც, ქართული პროდუქციის გაყიდვები უკრაინასა და რუსეთში სავარაუდოდ მინიმუმ 100 მილიონი აშშ დოლარით შემცირდება.
ალტერნატიულ ბაზრებზე გასვლის თვალსაზრისით, იმპორტის ჩანაცვლება რუსეთიდან, რაც 1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს შესაძლებელია, თუმცა მაგალითად ისეთ პროდუქციაზე როგორიც არის ხორბალი, სხვა ქვეყნებიდან შემოტანა მინიმუმ 15-20 % ძვირი მაინც დაჯდება თუ ლოჯისტიკაზე და გადაზიდვებზე კატასტროფულად გაზრდილ ფასებს მივიღებთ მხედველობაში. ეს ფაქტორი კი გაზრდის სადოლარო მასის გადინებას ქვეყნიდან, რაც მარტო ხორბლის იმპორტისას, რაც 97 მლნ აშშ დოლარია 12 მლნ აშშ დოლარი იქნება. სულ იმპორტის ჩანაცვლების ღირებულება 120-150 მლნ აშშ დოლარამდე გამოვა.
შემცირდება ფულადი გზავნილებიც რუსეთიდან ცალკე “სვიფტის” გათიშვის და ცალკე რუსული ეკონომიკის ვარდნის შედეგად შემცირებული შემოსავლების გამო, ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი პირველ ადგილზეა, ხოლო გასულ წელს რუსეთიდან 412 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, უკრაინიდან 93 მლნ აშშ დოლარი. რუსეთის ეკონომიკის სავარაუდო 12 % -იანი ვარდნის მიხედვითაც, მინიმუმ 60 მლნ აშშ დოლარით შემცირდება ფულადი გზავნილებიც ამ ქვეყნებიდან. ეკონომიკის რეცესია უკრაინაშიც მაღალი იქნება, მიუხედავად საერთაშორისო დახმარებებისა.
იგივე უნდა ითქვას რუსულ ტურისტულ ნაკადებზეც, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2019 წლის ანგარიშის თანახმად, მართალია რუსეთის მოქალაქეები 2-3 ჯერ გაცილებით ნაკლებს ხარჯავენ, ვიდრე ევროპის, ამერიკის და აზიის განვითარებული ქვეყნებიდან ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორები, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქვეყნების ჯგუფის მიხედვით რუსი ტურისტების ერთიანი დანახარჯი 2019 წელს 2.1 მილიარდი ლარი იყო, სხვა ქვეყნის ტურისტების ჯამური მაჩვენებელი 6.3 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენდა, რაც მთლიანი შემოსავლების 25 % იყო. თუ დავუშვებთ, რომ წელს ტურისტული ნაკადებიდან მიღებული შემოსავლები 2019 წლის დონის თუნდაც 65 პროცენტამდე გაიზრდება, რაც აშშ დოლარში გადაყვანით 2 მლრდ დოლარია, მაშინ რუსული ვიზიტორების მაჩვენებელი იქნებოდა 500 მლნ აშშ დოლარამდე, აქაც თუ სანქციების შედეგად კრიზისის ეფექტს მივიღებთ მხედველობაში, მინიმუმ 60 მლნ აშშ დოლარით ნაკლები გამოვა. საერთო ჯამში დანაკლისი “სვიფტის” ნეგატიური ეფექტის გარეშეც 370 მლნ აშშ დოლარი იქნება.
განსხვავებით ფულადი გზავნილებისაგან, ტურიზმის ნაწილობრივ ჩანაცვლება კიდევ შესაძლებელია, რადგან საქართველო მხოლოდ რუს ტურისტებზე არ არის დამოკიდებული და ბაზრის შემდგომი დივერსიფიცირების შემთხვევაში, ამ მაჩვენებლის გაუმჯობესების შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს, რაც ქართულ ეკონომიკას კრემლის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ნაკლებად მოწყვლადს გახდის.
საერთაშორისო ექსპერტული აზრი სულ უფრო იხრება, ნეგატიური სცენარისკენ. რაც უკრაინაში ხდება, ყველას შეგვეხება თუ ანტიკრიზისული გეგმა არ შემუშავდა. აშშ და ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ისედაც მკაცრი სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებას გეგმავენ, რაც რუსულ გაზზე, ნავთობსა და ქვანახშირზე დამოკიდებულებისგან შემცირებას ითვალისწინებს.
ნიშანდობლივია, რომ ხვალ 8 მარტს ევროკომისია წარადგენს გეგმას, თუ როგორ შეუძლია ბლოკს თავისი ენერგომომარაგების დივერსიფიკაცია. ეს ომი შედარებით მოკლე დროში ზავითაც, რომ დასრულდეს, სანქციების შერბილება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან რამდენიმე საერთაშორისო სასამართლოში უკვე მიმდინარეობს სარჩელის განხილვა, რუსეთი მხრიდან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე.
აქედანაც ჩანს, რომ ყოველგვარი სანქციების დაწესების გარეშეც, რაზეც ოპოზიციას ასეთი ამბავი აქვს ატეხილი და ხელისუფლების წინააღმდეგ ყველა დასაშვებ და დაუშვებელ მეთოდსაც იყენებს, თუ რა ზეგავლენას მოახდენს ჩვენს ეკონომიკაზე რუსული ინტერვენცია უკრაინაში. ეს არის ომი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი საბრძოლო მოქმედებების არეალით, ნგრევით და ადამიანთა მსხვერპლით მიმდინარეობს.
აქედან გამომდინარე, საგარეო შოკის ზეგავლენა ეკონომიკაზე, ნეგატიურად აისახება ეკონომიკის ზრდაზე, სავალუტო კურსზეც და ინფლაციაზეც. სხვა თანაბარ პირობებში თუ ჩვენ ამ ომის გარეშე გვექნებოდა სავარაუდოდ 9.5 -10.5 %-იანი ზრდა, 2-3 % იქნება შემცირების ეფექტი. თუმცა, სწორი და დროული სტრატეგიისას შეიძლება უფრო ნაკლებიც იყოს, რადგან მაკროეკონომიკური ფაქტორები წლის დასაწყისში, ისევე როგორც მთლიანად გასულ წელს გაუმჯობესებულია, ხოლო ეკონომიკური ზრდა შედარებით მაღალია.
მთავრობის გადაწყვეტილება ბიზნესთან კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე ნამდვილად კარგი და სასურველია, თუმცა ეს საკმარისი მაინც არ იქნება. პირველ რიგში რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის ეკონომიკის დივერსიფიკაციის გაზრდა, ეს ექსპორტსაც ეხება და იმპორტსაც, ტურისტულ ინდუსტრიასთან ერთად, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ ბალიშს წარმოადგენს საგარეო შოკების არიდების თვალსაზრისით. და ამას დამოუკიდებლად ვერც ქართული ბიზნესი შეძლებს თუნდაც მთავრობასთან კომუნიკაციის გაზრდით.
დღეს მთავრობამ უნდა დაიწყოს ერთის მხრივ რუსეთიდან წამოსულ უცხოურ კომპანიებთან აქტიური კომუნიკაცია, განსაკუთრებით რეექსპორტიორ კომპანიებთან მათი საწარმოოო სიმძლავრეების აქ გადმოსატანად.
რუსული სატრანზიტო მარშრუტების ჩაკეტვასთან ერთად, ცალკე უნდა გააქტიურდეს ძალისხმევა, სატრანზიტო ფუნქციის გასაზრდელად აზიური ტვირთების დასაწყობების და აქედან ევროპაში გადამისამართებად.
ამასთან, ადრეც აღვნიშნე, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან აქტიური მოლაპარაკება უნდა დაიწყოს ამერიკის და ევროპის ბაზრებზე ქართული პროდუქციის კვოტების გაზრდაზე, და მარკეტინგული ხარჯების ნაწილიც მთავრობის მხრიდან გახდება დასაფინანსებელი”, – წერს ცუცქირიძე.