ირაკლი ბერაია:”ნაციონალური მოძრაობის” მიერ ატეხილი აჟიოტაჟი, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების თითქოსდა მასიურად შემოსვლის შესახებ, უსაფუძვლოა

„აბსოლუტურად უსაფუძვლო და უპასუხისმგებლოა ნაციონალური მოძრაობის მიერ ატეხილი აჟიოტაჟი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების თითქოსდა მასიურად შემოსვლის და ამ კუთხით უკონტროლო ვითარების შესახებ, რაც წარმოადგენს მორიგ დეზინფორმაციას, – ამის შესახებ ირაკლი ბერაია აცხადებს.

“სინამდვილეში, სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 24 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით, ანუ 11 დღეში, საქართველოში შემოსულია რუსეთის ფედერაციის 15335 მოქალაქე, რაც 2-ჯერ ნაკლებია 2019 წლის იგივე პერიოდში შემოსულ რაოდენობაზე, რა დროსაც საქართველოში 31672 რუსეთის ფედერაციის მოქალაქე შემოვიდა და ასევე, ბევრად ნაკლებია 2020 წლის იგივე პერიოდში შემოსულ რაოდენობაზე, როდესაც ქვეყანაში შემოვიდა რუსეთის 19,796 მოქალაქე. 2021 წელს კი, როგორც ყველასთვის ცნობილია, საზღვარზე გადაადგილება შეზღუდული იყო პანდემიის გამო.

შესაბამისად, თუ დავაკვირდებით რეალურ სურათს და ვიხელმძღვანელებთ ციფრებით, შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის რაოდენობის ზრდას ადგილი არ ჰქონია. სახეზეა ადამიანების ჩვეულებრივი მობილობა, რაც წინა წლების იგივე პერიოდთან შედარებით კიდევ უფრო შემცირებულია.

რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის სპეკულაციებს დივერსანტების შესაძლო შემოპარვასთან დაკავშირებით, უნდა ითქვას რომ საქართველოს აქვს ეფექტიანი უსაფრთხოების და სამართალდამცავი სისტემები, რომელიც ახდენს ამ კუთხით ნებისმიერი საფრთხის პრევენციას. ამ სფეროში საქმიანობა უკავშირდება არამხოლოდ სასაზღვრო კონტროლს, არამედ დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან წინმსწრები ინფორმაციის მოპოვებას, უწყებათშორის კოორდინაციას და აღნიშნულის საფუძველზე საქართველოს უსაფრთხოებისთვის რისკის ან საფრთხის შემცველი სუბიექტების ქვეყანში შემოსვლის პრევენციას, ისევე როგორც ოპერატიულად საყურადღებო პირების კონტროლს. ასე, რომ ვითარება სრულად კონტროლირებადია და აჟიოტაჟის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

ნაციონალური მოძრაობის და მსგავსი რადიკალების ამოცანაა დეზინფორმაციის გავრცელება, ხელისუფლების დისკრედიტაცია, საზოგადოებაში დაბნეულობის, დაძაბულობის, მღელვარების გამოწვევა და ამ ყველაფრის მიმართვა ხელისუფლების წინააღმდეგ, რაც პირდაპირ ემთხვევა ოკუპანტის ჰიბრიდული მოქმედებების მეთოდებს და ამოცანებს. ამ ყელაფერს აქვს ერთადერთი მიზანი, ნებისმიერ ფასად ხელისუფლების ხელში ჩაგდება და ყველა მათი მოქმედება ამას ემსახურება. სწორედ ამ მიზნით ცდილობენ ისინი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის, უკრაინელი ხალხის ტრაგედიის ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის ინსტუმენტალიზაციას. სინამდვილეში, მათ არც საქართველოს უსაფრთხოება აღელვებთ და არც უკრაინის მდგომარეობა ადარდებთ.

როგორც ყველა ვხედავთ, ეს ადამიანები არ იცვლებიან და ვერც ვერაფერს სწავლობენ. მე-10 წელია ისინი ხელისუფლების დამხობას ცდილობენ და ის ვერ გაუაზრებიათ, რომ საქართველოს მოსახლეობამ ხელისუფლებაში დაბრუნების კარი დიდი ხანია გაუჯახუნა”, – აცხადებს ირაკლი ბერაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები