“უკრაინის ჩქაროსნულ მატარებელზე თავიანთი ორი ვაგონის მიბმის მცდელობაა” – კულება ევროკავშირში საქართველოსა და მოლდოვის განაცხადზე
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება მომხრეა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკრაინის განაცხადი საქართველოსა და მოლდოვას განაცხადებისგან დამოუკიდებლად განიხილებოდეს.
კულებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელები საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ევროპის მშვიდობასა და უსაფრთხოებას და ახლა უკრაინა რეალურად იქცა ევროკავშირის ფორპოსტად, რომელიც ევროპის სიღრმეში რუსული დამანგრეველი ბოროტების შეღწევას აჩერებს.
“ქართველი და მოლდოველი პარტნიორების მიმართ პატივისცემის მიუხედავად, ამჟამად, მოლდოვასა და საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადების შეტანა უკრაინის ჩქაროსნულ მატარებელზე, რომელიც ბრიუსელისკენ მიემართება, თავიანთი ორი ვაგონის მიბმის მცდელობას ჰგავს”, – თქვა უკრაინის პირველმა დიპლომატმა.
კულებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მხარს უჭერს საქართველოსა და მოლდოვას ევროინტეგრაციას, მაგრამ არ ისურვებდა, რომ ქართველმა და მოლდოველმა ხალხებმა გაიარონ ის საშინელება, რასაც ახლა უკრაინელები განიცდიან.
“ჩვენ ვაფასებთ ქართველებისა და მოლდოველების სოლიდარობას. მადლობელი ვართ საქართველოსა და მოლდოვას ჰუმანიტარული დახმარებისთვის. თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არც საქართველო და არც მოლდოვა არ უჭერენ მხარს ევროკავშირის ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის. ასეთი პოზიცია არ შეესაბამება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას პარტნიორულ ურთიერთობებს „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში და ნათლად ასახავს თბილისისა და კიშინიოვის მოუმზადებლობას, გახდნენ ევროპის უსაფრთხოების რეალური კონტრიბუტორები“, – ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.