გურამ მაჭარაშვილი: საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის გარეთ
საქართველო უკრაინას ყველა საერთაშორისო ფორმატში მხარს უჭერს და დგას იქ, სადაც არის ცივილიზებული სამყარო, აშკარაა, რომ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ, რასაც საზოგადოება არ აჰყვება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის გარეთ, მაგრამ ამას საზოგადოება არ აჰყვება.
„მგონი, დღეს ნამდვილად არ არის ის დრო, ვინმემ ეჭვქვეშ მაინც დააყენოს, სად პოზიციონირებს საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად. საქართველო მკვეთრად დგას უკრაინის მხარდასაჭერად. აშკარაა, რომ სამწუხაროდ, საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის გარეთ და ამას საზოგადოება არ აჰყვება.
„ნაცმოძრაობის“ ლიდერმა უკრაინის ერთ-ერთ არხზე პირდაპირ გამოაცხადა, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველოს ხელისუფლება ჩამოაგდონ. ამას ამბობენ მაშინ, როცა მთელი მსოფლიო მობილიზებულია, უკრაინას დაეხმაროს და ომი შეჩერდეს. ამ დროს ოპოზიციამ მოიცალა იმისთვის, რომ ამის ფონზე უნდათ, ხელისუფლება ძალადობრივად ჩამოაგდონ. არ მგონია, ვინმე ვერ ხვდებოდეს, ვის და რატომ უნდა საქართველოში ომის დაწყება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.