პენტაგონი: რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან კონცენტრირებული ჯარის და ტექნიკის 95% უკვე გამოიყენა
პენტაგონში, უკრაინაში ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით მორიგი ბრიფინგი გაიმართა.
BBC-ის რუსული რედაქციის ინფორმაციით, ამგვარი ბრიფინგები ომის დაწყებიდან თითქმის ყოველდღე იმართება, თუმცა, როგორც წესი, არ სახელდება ის მაღალჩინოსანი, რომელიც მას მართავს.
ამრიგად, ამერიკელი სამხედროების შეფასებით, რუსეთმა უკვე გამოიყენა უკრაინის საზღვრებთან კონცენტრირებული ძალებისა და ტექნიკის 95%.
ასევე, პენტაგონმა გასულ დღე-ღამეში რუსული ჯარების მნიშვნელოვანი წინსვლა ვერ შეამჩნია. კიევის მახლობლად 64-კილომეტრიანი კოლონა კი ჯერ კიდევ დგას.
გარდა ამისა, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ ოდესის რაიონში საზღვაო დესანტის დაშვების ნიშნები, ჯერჯერობით, არ არის.
პენტაგონში ამბობენ, რომ რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალები ისევ არ აკონტროლებენ უკრაინის საჰაერო სივრცეს. უკრაინული საბრძოლო თვითმფრინავები და ვერტმფრენები კი დაფრინავენ, მოქმედებს საჰაერო თავდაცვა.
ამავდროულად, ორივე მხარემ განიცადა დანაკარგები როგორც საბრძოლო თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებში, ისე – საჰაერო თავდაცვის სისტემებში.