ძლიერი ქარის გამო, თბილისის მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს
ძლიერმა ქარმა თბილისის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შექმნა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სტიქიის გამო, ძირითადად საბურთალოს, გლდანისა და ნაძალადევის რაიონები დაზარალდა. ამ დროისთვის, ფიქსირდება ხეების წაქცევის, ტოტების მტვრევის, ელექტროენერგიისა და ინტერნეტის სადენების, ასევე ბუნებრივი აირის მილების დაზიანების ფაქტები. ხის ტოტების მტვრევამ გამოიწვია კერძო ავტომობილების დაზიანება.
საბურთალოს რაიონში ძლიერმა ქარმა რამდენიმე მისამართზე სახლებს სახურავები გადახადა. სტიქიის შედეგად, ნაძალადევის რაიონში ავარიული შენობის ფრაგმენტი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
აღმაშენებლის ხეივანში საქართველოს სახელმწიფო დროშა დაზიანდა, რომლის აღდგენაც უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ქარის ჩადგომის შემდგომ მოხდება. ამ დროისთვის, ზარალის აღმოფხვრისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მიმდინარეობს ქარისგან მიყენებული ზარალის დათვლა. ათივე რაიონში, გამგეობის თანამშრომლები შემთხვევის ადგილას იმყოფებიან და მზად არიან, დაზარალებულ ოჯახებს შესაძლებლობების ფარგლებში დაეხმარონ. „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს ტერიტორიიდან დამტვრეული ხეები და ხის ტოტები გააქვთ, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.