​​უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი: ეჭვი არ გვეპარება, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა პასუხისგებაში მიეცემა და ჰააგაში ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდება

“ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა პასუხისგებაში მიეცემა და ჰააგაში ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდება”, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ქმედებები სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს.

“უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა 15 ბრძანებულებას, რომლებიც ეხება ჩვენი მოქალაქეებისთვის გმირის წოდების მინიჭებას მათი გარდაცვალების შემდეგ. ეს სია არ არის ამომწურავი. ომი მიმდინარეობს. მასობრივად იღუპება ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობა და ბავშვები. აგრესორი ქვეყანა კვლავ ხსნის ცეცხლს ჩვენი საბავშვო ბაღების, სკოლების, საავადმყოფოების, ასევე, სამშობიარო სახლების მიმართულებით. აგრძელებს სარაკეტო დარტყმებს და დაბომბვებს ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის, ასევე, ჩვენი ქალაქების მიმართულებით. ყველაზე ცინიკური არის ასევე საავიაციო დარტყმები ჩვენი რკინიგზის სადგურების მიმართულებით, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ხდება. ეს ყველაფერი სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. შესაბამისი სარჩელი უკვე შეიტანა უკრაინამ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში. 7-8 მარტს ჩატარდება საჯარო მოსმენა ჰააგაში. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა იქნება მიცემული პასუხისგებაში და ჰააგაში ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდება”, – განაცხადა ანდრეი კასიანოვიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები