თადარიგის ოფიცრები: შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანაც არანაკლები საფრთხის წინაშე დგას, საჭიროა ერის კონსოლიდაცია

“შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანაც არანაკლები საფრთხის წინაშე დგას”, – ამის შესახებ თადარიგის ოფიცრებმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

კობა კომახიძე, ვასილ ლაბუჩიძე, რევაზ ბუბუტეიშვილი, დავით დოლიძე, ალექსანდრე ბეროშვილი, ვლადიმერ წულაია, დავით აბაზაშვილი, დავით დოლიძე, ვალერი სიხარულიძე, ალექსანდრე დოლიძე და
პაატა ცხადაძე უკრაინაში მიმდინარე ომს გამოეხმაურნენ და საქართველოში არსებული ვითარება შეაფასეს.

მათი განცხადებით, დღეს, ისე როგორც არასდროს, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა და პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიისა, მთელი ერის კონსოლიდაციაა საჭირო.

“ჩვენ არ წარმოვადგენთ არცერთ პოლიტიკურ თუ არასამთავრობო ორგანიზაციას. ჩვენ ვართ თადარიგის ოფიცრები, რომლებსაც გული შეგვტკივა ჩვენს ქვეყანასა და უკრაინაში განვითარებულ სამხედრო-პოლიტიკურ მოვლენებზე.

მიმართვის მიზანია: ჩვენი გულისტკივილი მივიტანოთ საქართველოს მოსახლეობამდე.

ვითვალისწინებთ რა ქვეყანაში შექმნილ მძიმე პოლიტიკურ ვითარებას, უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების ფონზე, გვსურს, განვაცხადოთ შემდეგი:

არ გვინდა, ჩვენი მიმართვა წარმოჩინდეს, როგორც რომელიმე პარტიული მხარის პოზიცია. თავშივე მოგახსენეთ: ჩვენ ვართ საქართველოს მხარე – საქართველოსი, რომელსაც აქვს საკუთარი ინტერესები, რაც, პირველ ყოვლისა, მისი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ამ საქმეში ყველამ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი, მოსახლეობამ ხელისუფლებამ, ასევე, პოლიტიკურმა პარტიებმა.

ჩვენ მოგმართავთ ქვეტექსტების გარეშე და საზოგადოების გაერთიანება გვსურს.

აღნიშნულიდან გამომდინარე:

1. სოლიდარობას ვუცხადებთ გმირ უკრაინელ ხალხს მათ მიერ სამშობლოს დასაცავად წარმოებულ სამართლიან ბრძოლაში. ვგმობთ რუსეთის ხელისუფლების იმპერიულ ქმედებებს, მიმართულს არა მარტო უკრაინის, არამედ – ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ.

2. შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, არანაკლები საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანაც. დღეს ისე, როგორც არასდროს, საჭიროა მთელი ერის კონსოლიდაცია, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა და პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიისა.

3. მიგვაჩნია, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დგას მსოფლიოს პროგრესული კაცობრიობის მხარეს, რომლის მიზანია, სასწრაფოდ შეწყდეს ეს გაუმართლებელი ომი.

4. პატივს ვცემთ და ვაფასებთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის, განსაკუთრებით – ახალგაზრდების, სამართლიან პროტესტს, მიმართულს აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ და მათ პატრიოტულ სულისკვეთებას, სურვილს, საკუთარი წვლილი შეიტანონ ბოროტების წინააღმდეგ სამართლიან ბრძოლაში.

5. ამავდროულად გვსურს, განვაცხადოთ, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენი ნებისმიერი ქმედების ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები და მისი ეროვნული უსაფრთხოება. საჭიროების შემთხვევაში თითოეული ჩვენგანი დღესაც მზად არის, უყოყმანოდ დადგეს ქვეყნის სამსახურში და აკეთოს ის საქმე, რომელიც, გვერწმუნეთ, სხვებზე უკეთ ვიცით. მაგრამ, არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ თავი უნდა შევიკავოთ ისეთი ქმედებებისაგან, რომლებმაც შეიძლება, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ჩვენ ქვეყანას.

6. თითოეულმა ჩვენგანმა, ასაკის მიუხედავად, მოვუწოდოთ ერთმანეთს, არ გავაზიაროთ და გავავრცელოთ ისეთი ინფორმაცია, რომელიც აზიანებს მეგობრულ ურთიერთობას მეგობარ სახელმწიფოსთან, ქვეყნის შიგნით ზრდის ურთიერთდაპირისპირებას, ძირს უთხრის ჩვენს სახელმწიფოებრიობას.

7. დავივიწყოთ პარტიული ინტერესები და არ დავაყენოთ ის ქვეყნის ინტერესებზე წინ. ამის კარგი მაგალითი უკრაინის ერთიანობამ მოგვცა.

8. ჩვენი თხოვნაა, მიმართვის შინაარსი გაიზიაროთ და თქვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ერთად დგომისკენ მოუწოდოთ”, – აცხადებენ თადარიგის ოფიცრები.

დავით დოლიძის განცხადებით, ახლა საზოგადოებაში განხეთქილების დრო არაა.

“დღეს რეალობა ისაა,  რომ ნამდვილად  დიდი საფრთხეების წინაშე ვდგავართ. ჩვენი ტერიტორიის 20 % ოკუპირებულია. დღეს  არანაირი პარტიული ინტერესების და განხეთქილების დრო არაა. ეს მხოლოდ  მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. დღეს ყველა ერთად უნდა დავდგეთ იქ, სადაც დგას ჩვენი ხელისუფლება. არ მეშინია ამ სიტყვების. როდესაც ისედაც ოკუპირებული ვართ, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ თავიდან ავირიდოთ ის საფრთხეები,  რის წინაშეც ვდგავართ.

ომი რომ დაიწყო,  22-23 წლის ბიჭები ვიყავით, ჩვენთვის არავის უთქვამს,  ომში წამოდითო, მაგრამ წავედით ერის და ქვეყნის დასაცავად. არანაირი აფიშირება არ გვდომებია. თუ ვინმეს გული ერჩის, ჩვენი ბიჭები დღესაც იბრძვიან იქ. მაგრამ, ეს რომ სახელმწიფოს ხარჯზე მოხდეს და სახელმწიფომ ვინმეს უთხრას, წამოდითო, მაშინ გადავწყვიტოთ,  რომ ომი გვინდა. მაგრამ,  ნუ დაგვავიწყდება,  ჯერ ჩვენი ტერიტორიები გვაქვს დასაბრუნებელი. ჩვენი სურვილია,  ამ ყველაფრის დალაგება არა ომით, არამედ დიპლომატიური გზებით მოხერხდეს”- განაცხადა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები