ბუტა რობაქიძის დედა სააკაშვილისთვის და ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წარდგენის ფაქტს გამოეხმაურა

ძალიან დიდი იმედი გამიჩნდა, რომ ბუტას საქმის გამოძიებას ბოლომდე მიიყვანენ და ყველა დამნაშავე საკადრისად აგებს პასუხს – ასე ეხმაურება ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წაყენების ფაქტს. როგორც მეტრეველმა “კვირას“ განუცხადა, ის მოხარულია, რომ ახალმა ხელისუფლებამ სამართლიანობის აღდგენა სწრაფი ტემპებით დაიწყო. მისივე ინფორმაციით, ბუტა რობაქიძის, სანდრო გირგვლიანის, ზურა ვაზაგაშვილისა და სხვა გახმაურებული საქმეების გამოძიებაში პროკურატურა უცხოელი ექსპერტების ჩართვასაც გეგმავს. მეტრეველის თქმით, საქმეებში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის წინადადებით საგამოძიებო უწყებას ზურა ვაზაგაშვილის მამამ, იური ვაზაგაშვილმა მიმართა.
“ძალიან მოხარული ვარ, რომ უკვე სწრაფი ტემპებით დაიწყო სამართლიანობის აღდგენის პროცესი. დიდი იმედი გამიჩნდა, რომ ბუტასი და ასევე სხვა გახმაურებული საქმეები სრულფასოვნად იქნება გამოძიებული და ყველა დამნაშავე საკადრისად დაისჯება. ჩემი ინფორმაციით, ბუტას, ასევე სანდრო გირგვლიანის, ზურა ვაზაგაშვილის საქმეების გამოძიებაში პროკურატურა უცხოელი ექსპერტების ჩართვასაც გეგმავს.საქმეებში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის წინადადებით საგამოძიებო უწყებას ზურა ვაზაგაშვილის მამამ, იური ვაზაგაშვილმა მიმართა. როგორც ვიცი, პროკურატურა ამაზე თანახმაა, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია და კიდევ უფრო მიმყარებს იმის მოლოდინს, რომ სიმართლე დროულად დადგინდება“,- განუცხადა „კვირას“ ია მეტრეველმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში გუშინ მიეცა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდების შესახებ დადგენილებები გამოტანილ იქნა ასევე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ. უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. საქართველოს მთავარ პროკურატურაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის დაუსწრებლად წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს. პროკურატურაში იმყოფება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე. როგორც კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღესვე მიიღებს მასალებს, რის შემდეგაც გაეცნობა მტკიცებულებებს და ბრალდების დადგენილებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები