გიორგი ტყემალაძე – „საქართველო განაგრძობს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას“
„საქართველო მუდამ იდგა და იდგება უკრაინელი ხალხის გვერდით და ამ მძიმე ჟამს კვლავ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას”, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ უკრაინული სათვისტომოს წარმომადგენელთან, ვალენტინა მარჯანიშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
შეხვედრაზე, რომელიც თბილისის საკრებულოში გაიმართა, საუბარი უკრაინისა და საომარი მოქმედებების გამო თბილისში დარჩენილი უკრაინის მოქალაქეების დახმარებას შეეხო. „საქართველოს მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. გარდა ამისა, რიგითი მოქალაქეებმა, სხვადასხვა კომპანიამ გამოთქვეს სურვილი და ეხმარებიან საქართველოში დარჩენილ უკრაინელ ტურისტებს. ამ პროცესში თბილისის საკრებულოც აქტიურად არის ჩართული და თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებს იმ 400-მდე უკრაინის მოქალაქის დასახმარებლად, რომლებიც დღეს თბილისში იმყოფებიან. ამ ეტაპზე, ვფიქრობთ, შევქმნათ საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც ეფექტიანი და ორგანიზებული დახმარების გასაწევად ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს უკრაინული სათვისტომოს წარმომადგენლებთან ერთად,“ – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
უკრაინული სათვისტომოს წარმომადგენელმა, ვალენტინა მარჯანიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა და ეფექტური თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – ზურაბ აბაშიძე, საკრებულოს წევრი ნინო რუხაძე, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე – ლევან ჟორჟოლიანი და საკრებულოში არსებული ეროვნული უმცირესობის საბჭოს თავმჯდომარე – რიტა ხიდირბეგიშვილი ესწრებოდნენ.