ზაალ კასრელიშვილი: რუსეთს გაუჭირდა, მისი ბლიცკრიგი ჩავარდა, უკრაინის დაპყრობა დღემდე ვერ მოახერხა

რუსეთს ძალიან გაუჭირდა, მისი ბლიცკრიგი ჩავარდა, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კასრელიშვილი უკრაინაში მიმდინარე ომსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას გამოეხმაურა. მისი თქმით, დღემდე უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის აგრესიულმა პოლიტიკამ ვერ გაიმარჯვა.
„მინდა, ვაჟკაც უკრაინელებს მხარდაჭერა გამოვუცხადო, რომლებმაც მსოფლიოს პატრიოტიზმის დიდი მაგალითი აჩვენეს. ასეთი ბრძოლისუნარიანობა, რომელიც სამშობლოს სიყვარულითაა მოტივირებული, სამაგალითოა. უკრაინის პრეზიდენტი ასევე კარგ მაგალითს აჩვენებს. გვარს არ დავასახელებ, ომიდან ზოგიერთივით მესამე დღეს არ გაქცეულა, ბოლომდე თავის ჯართან, ხალხთან დარჩა. ასეთი შედეგიც ამიტომ დადგა. დღემდე რუსეთის აგრესიულმა პოლიტიკამ უკრაინის ტერიტორიაზე ვერ გაიმარჯვა. უფრო მეტად რომ დავკონკრეტდეთ, რუსეთმა უკრაინის დაპყრობა დღემდე ვერ მოახერხა.
რუსეთს ძალიან გაუჭირდა. მათი ბლიცკრიგი ჩავარდა. ახლა ლაპარაკია იმაზე, რომ დიდი მსხვერპლია და, იქნებ, ტაქტიკა შეცვალონ. მისი მიზანია, კიევი აიღოს. ჩამოუშვებს რკინის ფარდას და მის შიგნით პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს ვაჭრობას დაუწყებს. ყველა კონფლიქტი, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეშია დაკონსერვებული, მათი აგორებულია და დალაგების გასაღებიც მათ ხელშია. პოსტსაბჭოური სივრცის ქვეყნებს აუცილებლად დაელაპარაკება და ბევრ დაპირებას გასცემს“, – განაცხადა კასრელიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოსა და უკრაინის მეგობრობა საუკუნეებს ითვლის და პატარა ინციდენტები მას ხელს არ შეუშლის.
„ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, მე და ჩემი თანამოაზრეები უკრაინაში ჩვენს მეგობრებს, კოლეგებს, ოპონენტებსაც კი პირადად დავუკავშირდით, საქართველოში ოჯახების გამოგზავნა შევთავაზეთ. არცერთი მათგანი თავად წამოსვლას არ აპირებს, ყველა იქაა, ზოგი იბრძვის. ოჯახების გამოგზავნაზე დაგვთანხმდნენ და რამდენიმე უკვე საქართველოსკენ მოემგზავრება.
საქართველოს და უკრაინის მეგობრობა საუკუნეებს ითვლის. ეს 90-იან წლებში არ დაწყებულა. საქართველოს ისტორიაში შავ-ბნელი პერიოდები ხშირად იყო. ერთ-ერთი ასეთი გახლდათ, როცა ოსმალეთის იმპერიას დასავლეთ საქართველო დამორჩილებული 256 წლის მანძილზე ჰყავდა. ამ დროს დასავლეთ საქართველოში ყველაზე სამარცხვინო საქმიანობა დაიწყო – ბავშვების ყიდვა-გაყიდვა. ოსმალები გემებს ტყვე ბავშვებით და ქალებით ტვირთავდნენ. იმ პერიოდში შავ ზღვაში ზაპოროჟიელები მეკობრეობდნენ, საქართველოდან გასულ გემებს თავს ესხმოდნენ. ქონება და დოვლათი მიჰქონდათ, მაგრამ ტყვეებს უკან აბრუნებდნენ. ასე რომ, ჩვენი მეგობრობა დიდხნიანია. ეს პატარა ინციდენტები ხელს არ შეუშლის. ხელისუფლებასაც, თითოეულ ჩვენგანსაც გაათმაგებული ძალისხმევა დასჭირდება, რათა ეს წყენა, რაც შეხედულებებში პოლიტიკურმა განსხვავებამ გამოიწვია, გადავფაროთ. ვფიქრობთ, უკრაინის ვაჟკაცმა და ღირსეულმა პრეზიდენტმა, ზელენსკიმ გადაწყვეტილების მიღება იჩქარა. თუმცა, მან ელჩი კონსულტაციისთვის გაიწვია. ამ ინციდენტის გამო უკრაინა საქართველოსთან ურთიერთობას არ გაწყვეტს, არც საქართველომ უნდა გაწყვიტოს უკრაინასთან ურთიერთობა.
საქართველოს მთავრობას და მოსახლეობას ათმაგი ძალისხმევა დაგვჭირდება, რომ დახმარება გავაგრძელოთ და ის წყენა გადავფაროთ, რაც ემოციით, პოლიტიკური მოტივაციითაა გამოწვეული.
რაც შეეხება საქართველოში მიმდინარე აქციებს: ჩემი სამეზობლოდან დადიან პატიოსანი, გულწრფელი, განათლებული ახალგაზრდები. საქართველოში 2012 წლის შემდეგ ყველა საპროტესტო აქცია მოსახლეობამ გულწრფელად დაიწყო, მაგრამ პოლიტიკოსებმა ამის თავის მიზნებისთვის გამოყენება სცადეს. იმიტომ დაეშალათ მიტინგები. ეს მიტინგიც იმიტომ დაიშლება, რომ ვიღაცები ეცდებიან, თავის მერკანტინული მიზნებისთვის გამოიყენონ.
რაც შეეხება მოხალისეების თემას: უნდათ წასვლა? წავიდნენ. რამდენადაც ვიცი, ორგანიზებულ გაგზავნაზე იყო საუბარი. ქვეყნის ბედი და მომავალი მალაპარაკებს. ქვეყნიდან მოხალისეების ორგანიზებულ გაგზავნაზე უარი თქვა ინგლისის პრემიერმაც და ბულგარეთმაც. იმ თვითმფრინავს დაკეტილ სივრცეში უნდა ემოძრავა, რა გარანტია იყო, რომ არ ჩამოაგდებდნენ? რა გარანტია იყო, რომ პროვოკაციაში არ გამოიყენებდნენ?“, – განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები