“ნაციზმი სიჩუმეში იბადება” – ზელენსკი ებრაელებს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ებრაელებს მოუწოდა, ბაბი იარის და უმანის დაბომბვის შესახებ განცხადებები გააკეთონ.

„ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის, რომელმაც იცის ისტორია, ბაბი იარი კიევის განსაკუთრებული ნაწილია. ეს არის ევროპის განსაკუთრებული ნაწილი, ლოცვის ადგილი, ნაცისტების მიერ მოკლული ასი ათასი ადამიანის ხსოვნის ადგილი, ძველი კიევის სასაფლაოების ადგილი. ვინ უნდა იყოთ, რომ ასეთი ადგილი რაკეტების სამიზნედ აქციოთ? თქვენ ხელახლა კლავთ ჰოლოკოსტის მსხვერპლს.

ასეთი სარაკეტო დარტყმა მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთში ბევრი ადამიანისთვის ჩვენი კიევი სრულიად უცხოა. მათ არაფერი იციან ჩვენი დედაქალაქის შესახებ, ჩვენი ისტორიის შესახებ. მაგრამ მათ აქვთ ბრძანება, წაშალონ ჩვენი ისტორია.

ომის პირველ დღეს უმანი სასტიკად დაბომბეს, სადაც ყოველწლიურად ასობით ათასი ებრაელი მოდის. შემდეგ ბაბი იარი, სადაც ასი ათასი ებრაელი დახვრიტეს.

მე ახლა მსოფლიოს ყველა ებრაელს მივმართავ – ვერ ხედავთ, რა ხდება? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ებრაელმა ხმა ამოიღოს და არ გაჩუმდეს.

ნაციზმი სიჩუმეში იბადება. ამიტომ, იყვირეთ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაზე, უკრაინელების მკვლელობაზე“, – მოუწოდა ზელენსკიმ ებრაელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები