იაგო ხვიჩია: უკრაინასთან ერთად ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ სადაც არის უკრაინის ბედი, საქართველოს ბედიც იქ იყოს

„თუ მართლა გვინდა, რომ რამე გამოვასწოროთ, ჩვენ ახლა სასწრაფოდ უნდა ვმოქმედებდეთ, შეიძლება ხვალ გვიან იყოს და შეიძლება კიდევ ერთხელ გავუშვათ ამ ქვეყნის შანსი ევროპასთან და დასავლეთთან ინტეგრაციის. ჩვენ უნდა სასწრაფოდ შევუერთდეთ სანქციებს აზრიანად და გვჭირდება პოზიცია ევრო ინტეგრაციასთან დაკავშირებით, რომ უკრაინასთან ერთად ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ სადაც არის უკრაინის ბედი, საქართველოს ბედიც იქ იყოს”,- ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის” წევრმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„მოდით ჩავთვალოთ ასე, რომ ჩვენ, აქ ვინც ვართ ამ დარბაზში, როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლება, არც ერთი არ ვართ პრორუსები. ზოგადად, ყველას ჩვენი ქვეყანა გვიყვარს და არც ერთი არ ვართ მტრების გულშემატკივრები. და ასეთი პოზიციით ვმოძრაობთ. მაშინ რატომ ხდება, რომ ვრცელდება ინფორმაცია ამ წუთს, რომ საქართველოდან უკრაინამ ელჩი გაიწვია, რატომ ხდება, რომ ხალხი, ვისაც უკრაინის დახმარება უნდა, ვერ მიდიან იქიდან გამომდინარე, რომ ან თვითმფრინავის რეისზე ხდება პრობლემა, ან სხვა რამეზე. ზოგადად, რამდენად რაციონალურია ჩვენი ქცევა, რომ ჩვენი პოზიცია გამოიყურებოდა ისე, თითქოს ჩვენ არ ვგულშემატკივრობდით უკრაინას.

თუ დადასტურდა, რომ უკრაინამ ელჩი გაიწვია პროტესტის ნიშნად, იმიტომ, რომ ჩვენ სანქციებთან დაკავშირებით არ გვქონდა მორალური პოზიცია, ან იმის გამო, რომ გუშინ, უკრაინის დასახმარებლად წასულ თვითმფრინავს პრობლემები შევუქმენით, ის, რა ვილაპარაკეთ და აქ დღეს უკრაინის დროშებით რომ ვართ გამოწყობილი, როგორც პარლამენტი ისე დეპუტატები, ხელისუფლებიდან და ოპოზიციიდან, ამას რა შინაარსი გააჩნია? თუ საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო, უკრაინას, რომელიც განცხადებას აკეთებს ევროკავშირში მიღებაზე, განცხადებას აკეთებს, რომ ნატო-ში მიიღონ, რომელიც ჩვენი გზამკვლევი უნდა იყოს ევროპაში, ახლა, საქართველოდან ასეთ მძიმე დროს ელჩი გაჰყავს, რომ ჩვენ რამენაირად არ გავიზიაროთ უკრაინის გზა, რომ მას არ გავყვეთ ევროპაში, იმიტომ, რომ ჩვენი მთავრობა ახლა ისე იქცევა, რომ უკრაინის მთავრობამ აქედან ელჩი გაიწვიოს”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები