„რუსეთის ეკონომიკას ძალიან დიდი ზარალი ექნება“ – ცუცქირიძე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე

ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, დაწესებული საერთაშორისო სანქციების გამო, რუსეთის ეკონომიკას ძალიან დიდი ზარალი ექნება. მისი განმარტებით, რუსეთის ეკონომიკა მინიმუმ 8-10 %-ით დაეცემა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ცუცქირიძემ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციები შეაფასა.

„რა ზეგავლენას მოახდენს რუსეთისთვის გლობალურად დაწესებული სანქციები ქართულ ეკონომიკაზე: რუსეთი ჩვენი რიგითი სავაჭრო პარტნიორი არაა, წამყვანია, ყველა მიმართულებით – ექსპორტი იქნება, იმპორტი, ტურისტული ნაკადები, თუ ფულადი გზავნილები.
რუსეთს სანქციების კომპლექსი დაუწესეს. პროცესი რუსეთის წამყვანი კომპანიებისა და ბანკებისთვის სანქციების დაწესებით დაიწყო, რაშიც vtb ბანკიც მოხვდა, ასევე, მოხდა რუსი პოლიტიკოსებისთვის აქტივების გაყინვა, გარკვეულ რუსულ კომპანიებზეც არის საუბარი. ამ ყველაფერს სანქციების მეორე ტალღა მოჰყვა: SWIFT -დან გათიშვა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ამერიკის ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილება, რომ წამყვან რუსულ კომპანიებსა და „ცენტრობაკნს“დოლარზე წვდომა შეუზღუდოს. ამას რუსეთისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვა ემატება. ბევრი ფედერაციიდან რუსეთს რიცხავენ, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრობიდან გარიცხვის საკითხიც განიხილება. მოკლედ, ესაა რუსეთის ირანიზაცია, ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
ყველა ტრანზაქცია, საერთაშორისო გადარიცხვებს ვგულისხმობ, ფაქტობრივად, გაჩერებული იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ევროპაზეც ნეგატიურად აისახება, ვნახეთ გაზის ფასმა როგორ აიწია, ის მაინც ამ სანქციებზე მაინც წავიდა, რადგან რაც პუტინმა გააკეთა, ფაქტობრივად, ახალი მსოფლიო ომის ტოლფასია. უკრაინა რუსეთისთვის ბოლო გაჩერება არ იქნებოდა, უკრაინის მერე რუსეთი აღმოსავლეთ ევროპასაც მიადგებოდა.

როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ბუნებრივია, რუსეთის ეკონომიკას ძალიან დიდი ზარალი ექნება – მინიმუმ 8-10 %-ით დაეცემა. ეს დაახლოებით 170 მილიარდი დოლარია. აღნიშნული აისახება უმუშევრობაზე, შემცირებულ შემოსავლებზე, რუსეთიდან ფულადი გზავნილების შემცირებულ მოცულობაზეც. იქ მყოფ ჩვენს თანამემაულეებს შემოსავლები რომ შეუმცირდებათ, ფულადი გზავნილების გადმორიცხვების პრობლემაც იქნება და ეს თანხობრივადაც შემცირდება“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, რუსეთი საერთაშორისო ბაზრებიდან იზოლირებულია, რაც ჩვენზეც აისახება.

„ექსპორტის მნიშვნელოვანი შემცირება იქნება. ჩვენ მოგვიწევს ლოკაციების შეცვლა. ეს ძირითადად დაარტყამს ფქვილის მრეწველობას, ასევე, შეეხება საშუალო და მცირე მარნებს. რუსეთში ღვინოს ვეღარ გაყიდიან. ლოკაციის შეცვლა, სხვა ბაზრებზე გასვლა არ არის მარტივი.
ტურისტული შემოსავლები მნიშვნელოვნად იქნება შემცირებული. გათვლა იყო, რომ წელს ტურიზმიდან დაახლოებით 2 მილიარდამდე შემოსავალი იქნებოდა, შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო რუსეთია. იმპორტზე იქნება სერიოზული დანაკლისი. თუ რუსეთიდან ვეღარ მოხდა საქონლის შემოტანა, მათ შორის ენერგომატარებლების, ან შეიზღუდა, ჩვენ მათი ჩანაცვლება ალტერნატიული ბაზრებიდან მოგვიწევს, რაც უფრო ძვირი დაჯდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნიდან უფრო მეტი დოლარის გადინება მოხდება, ანუ ხარჯები გაიზრდება. ჩემი შეფასებით, ამ წელს ჩვენს ეკონომიკას დაახლოებით 450 მილიონი დააკლდება. ეს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელს შეამცირებს. რუსეთ-უკრაინის ომი რომ არ მომხდარიყო, ჩვენ საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გვქონდა.

რუსეთი იზოლირებულია საერთაშორისო ბაზრებიდან, რაც ჩვენზეც აისახება. ამიტომ, ჩვენი მთავრობის მთელი მუშაობა აქეთ უნდა იყოს მიმართული და არა რაღაც პოპულისტურ ღონისძიებებზე, რასაც ახლა ოპოზიცია აკეთებს, რაღაც მიტინგები, ხელისუფლებაზე ვითომ ზეწოლა, რომ, თითქოს, ამ სანქციების დაწესებით საქართველოს ეკონომიკას ეშველება.
ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ეს უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა, მხარდამჭერი რეზოლუციები უნდა იყოს. რაც ყველზე მნიშვნელვანია: ჩვენ უნდა გამოვიდეთ ორი მთავარი მომენტიდან – ამ კრიზისულ პერიოდში როგორ უზრუნველვყოთ ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერება და როგორ მოვახდინოთ ეკონომიკის დივერსიფიკაცია“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები