მიხეილ სარჯველაძე: ჩემი მოწიწება და პატივისცემა საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს, რომლებმაც უკრაინა არ დატოვეს
“კონკრეტულად კიდევ რით დავეხმარებით უკრაინას, ამის თქმა გამიჭირდება. შეიძლება, ყველაზე მწვავე დეფიციტი შეიქმნას მედიკამენტების, ან მაგალითად სამედიცინო ტიპის სხვა საქონლის, პირობითად ბამბა, ბინტი და ა.შ. შეიძლება ამის საჭიროება არც გაჩნდეს და რომელიმე სხვა მოკავშირემ მიაწოდოს. ამას მუდმივი, ონლაინ რეჟიმში დაკვირვება სჭირდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში განაცხადა.
„რა კრიტერიუმითაც წარმოექმნებათ იქ ადამიანებს საჭიროება, ისე უნდა დავეხმაროთ. ეს უნდა მოიცავდეს მზად ყოფნას ყველაფერზე პირდაპირ ვამბობ და აქ რასაკვირველია მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების აქტიურობა, ჩართულობა. მთელ მსოფლიოს ეხება ეს და ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებულად. რა თქმა უნდა, ჩემი პირადი მოწოდებაც მზადყოფნაც იქნება, რომ რაც შეიძლება მეტი დახმარება აღმოვუჩინოთ ხალხს, რომელთაც ამის ყველაზე მწვავე საჭიროება აქვს“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ასევე, კიევში საქართველოს საელჩოს იმ თანამშრომლებზე გააკეთა კომენტარი, რომლებმაც უკრაინა არ დატოვეს.
„ჩემი მოწიწება და პატივისცემა თითოეულ ამ მოქალაქეს, რომელიც იქ იმყოფება ახლა და სხვა იქ მყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის მუხლჩაუხრელად იბრძვიან და შრომობენ. ეს მართლაც დასაფასებელია. არ უნდა დაგვავიწყდეს ადამიანები, რომლებიც იქ ამ უზარმაზარ სამუშაოს ასრულებენ, მიუხედავად სიცოცხლისთვის არსებული საფრთხეებისა. დიდი მადლობა თითოეულ ამ ადამიანს“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.