“დღეს რუსეთის ეკონომიკისათვის ყველაზე სერიოზული დარტყმა რუსეთის ფინანსური ინსტიტუტების SWIFT-ის გლობალური სატელეკომუნიკაციო ქსელიდან გათიშვა უნდა განვიხილოთ, რაც უნგრეთის დათანხმების შემდეგ, ფაქტიურად გადაწყვეტილია”,- ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, SWIFT-დან რუსეთის გათიშვის ზეგავლენა რუსულ ეკონომიკაზე, უმძიმესი იქნება.
“აღსანიშნავია, რომ SWIFT ბანკინგის სისტემაა, რომელიც ფუნქციონირებს, როგორც უსაფრთხო საკომუნიკაციო სისტემა, აკავშირებს 200-ზე მეტი ქვეყნის 11 000 ფინანსურ ინსტიტუციას და ატყობინებს სხვადასხვა ქვეყნის ბანკებს ტრანზაქციების განხორციელების შესახებ, მათ შორის ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების განხორციელება ამ სისტემის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია.
2021 წელს SWIFT-მა დღიურად საშუალოდ 42 მილიონი შეტყობინება გააგზავნა, რაც წინა წელთან შედარებით 11%-იანი ზრდა იყო.
ამით, აშშ ის პრეზიდენტი ბაიდენი აღასრულებს თავის დანაპირებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, აქამდე ჯერ არნახული სანქციების დაწესებაზე.
SWIFT-დან რუსეთის გათიშვის ზეგავლენა რუსულ ეკონომიკაზე, უმძიმესი იქნება, შემთხვევითი არ არის, რომ ამ გლობალურ სატელეკომუნიკაციო ქსელს, ეკონომიკაზე ზეგავლენის თვალსაზრისით “ბირთვულ ვარიანტსაც” უწოდებენ.
წინა პოსტშიც აღვნიშნე, რომ რუსული ეკონომიკის ირანიზაცია დაწყებულია. თვალსაჩინოებისათვის 2012 წელს, SWIFT-იდან გამორთვის შედეგად, ირანმა ნავთობის ექსპორტის შემოსავლის თითქმის ნახევარი დაკარგა. ეს მაშინაც აშშ-ის ინიციატივით მოხდა. თუმცა, აქამდე დასავლეთი მაინც თავს იკავებდა ამ უკიდურესი ნაბიჯისაგან, რუსეთის გარიცხვა SWIFT-იდან დიდ ზიანს მიაყენებდა სხვა ქვეყნების ეკონომიკებსაც ირანთან შედარებით, რუსეთის გაცილებით მაღალი ინტეგრაციის გამო. მართალია, რუსეთის SWIFT-დან გათიშვით, რუსული ბანკები დაკარგავენ წვდომას უცხოურ ვალუტაზე, თუმცა ევროპული ქვეყნებიც ვერ მიიღებენ რუსულ ნავთობს და გაზს და ამიტომაც ხდება ასე ფორსირებულად ალტერნატიულ წყაროებზე გადართვა, რამაც მიწოდების ჯაჭვების წყვეტის პერსპექტივით გაზზე ფასები ისტორიულ მაქსიმუმამდე აწია.
გერმანიამაც კი, რომელმაც სწორედ რუსული ფაქტორის გამო, დაბლოკა ნატოში საქართველოს გაწევრიანება, მერკელის შემდეგ, გადააფასა თავისი კონსერვატორული მიდგომები, რადგან რუსული ეკონომიკის რეალურად კი რუსული მილიტარიზაციის გაძლიერებაში წამყვანი როლიც კი შეასრულა, და დღეს ევროპული უსაფრთხოებისათვის მზადაა დაიწყოს რუსული ეკონომიკიდან რეინტეგრაცია.
რუსული ეკონომიკა დღეს 1.7 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რუსეთისათვის სვიფტიდან გამორთვა, გამოიწვევს რა ყველა საერთაშორისო ტრანზაქციის შეწყვეტას და კაპიტალის მასიურ გადინებას, სხვადასხვა შეფასებით ეკონომიკის 5-10 პროცენტამდე ვარდნად დაუჯდება, რაც ნიშნავს, რომ რუსეთის მშპ 2.5 პროცენტიანი ზრდის ნაცვლად 170 მილიარდი დოლარით შემცირდება. რაც აისახება გაზრდილ უმუშევრობაზე, რუბლის გაუფასურებაზე, ინფლაციაზე და შემცირებულ საბიუჯეტო შემოსავლებზე.
SPFS-ის სახელით ცნობილი გადახდის სისტემა, რომელიც რუსეთში მოქმედებს, ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს სვიფტს, რადგან შიდა ტრანსფერების მეხუთედს უზრუნველყოფს და შეტყობინებების ზომაც შეზღუდულია, ისევე როგორც ოპერაციები დროში ანგარიშსწორების თვალსაზრისით.
აშშ-ს შეუძლია, ფედერალური სარეზერვო სისტემის დახმარებით, დაბლოკოს რუსული კომპანიების და თვით რუსეთის ცენტრობანკის წვდომა ამერიკულ დოლარზე, საერთაშორისო რეზერვების გაყინვით, რაც არანაკლებ შეზღუდავს რუსეთის ეკონომიკას.
რუსული ეკონომიკის სავარაუდო შოკი, რასაც სხვა სანქციებიც ემატება, წამყვანი რუსული ბანკებისათვის, სერიოზული რელოკაციის წინაშე დააყენებს ქართულ ბიზნესსაც და ყოველგვარი სანქციების დაწესების გარეშეც, არანაკლებ დაარტყამს ჩვენს ეკონომიკასაც. ეს განსაკუთრებით ექსპორტზეც იმოქმედებს ნეგატიურად, ფულად გზავნილებზეც და ტურიზმზეც.
აქედან გამომდინარე, რამდენადაც სამართლიანიცაა ქართველი ახალგაზრდობის პროტესტი რუსულ ინტერვენციაზე უკრაინაში, იმდენად სამარცხვინოა გაკოტრებული და უპრინციპო ოპოზიციის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების “კაპიტულანტურ” და სამარცხვინო პოზიციად წარმოჩენის მცდელობა, პრემიერ ღარიბაშვილს გუშინდელი განცხადების კონტექსტში, უკრაინელი ერის გმირული ეპოპეის ფონზე”,- წერს ცუცქირიძე.