მერაბ კოკოჩაშვილი: ხელისუფლება უნდა იყოს უფრო მეტად პირდაპირი, ფრთხილი და ძალიან გააზრებული, მაგრამ პოზიციის ნათლად გამომხატველი
კითხვაზე – თქვენ რა ფორმით დაუჭერდით მხარს განსაცდელში მყოფ ქვეყანას – უკრაინას, ხელისუფლების წარმომადგენელი რომ ყოფილიყავით? – კინორეჟისორი, პროფესორი მერაბ კოკოჩაშვილი ასეთ პასუხს გვცემს:
,,საქართველოს ხელისუფლების პოზიცია გასაგებია ჩემთვის – ყველა ნაბიჯი უნდა იყოს გააზრებული, მხარდაჭერა დემოკრატიას აუცილებლად ესაჭიროება და საჭიროა საერთო აზრის ჩამოყალიბება ყველა დემოკრატიული ქვეყნის მხრიდან და მათთან ერთიანი გადაწყვეტილების მიღება. ამ შემთხვევაში მე მხარს ვუჭერ ხელისუფლების გადაწყვეტილებას. ჩვენ არავითარი ძალა არ გვაქვს შევუტიოთ არმიით რუსეთს, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ უკრაინისადმი ინტელექტუალური და დიპლომატიური მხარდაჭერა შეგვიძლია, ისე, როგორც ამას აკეთებს ცივილიზებული მსოფლიო. უბრალოდ, მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს უფრო მეტად პირდაპირი, ფრთხილი და ძალიან გააზრებული, მაგრამ ნათლად გამომხატველი პოზიცია. ჩვენ უნდა ვიყოთ იმათ მხარეზე, ვისთვისაც სრულიად მიუღებელია ის ველური ქცევა, რაც რუსეთის ხელისუფლებამ ჩაიდინა. მაგრამ! როცა გარკვეულ პერიოდში რუსეთის ლიდერს „პუტინ-ლილიპუტინს“ ეძახდნენ – ესეც არ მომწონდა. არსებობს რაღაც, რამაც შეურაცხყოფისკენ არ უნდა გიბიძგოს. არ შეიძლება ეს დიპლომატიასა და პოლიტიკაში. ჩვენი ხელმძღვანელობის მიერ ძალიან თავდაჭერილი დამოკიდებულება უნდა არსებობდეს – ოღონდ, არა იმის მანიშნებლად, რომ მე შენი მეშინია…
მე მეჩვენება, რომ რადიკალური ოპოზიცია იმისთვის იბრძვის, რომ კიდევ უფრო მეტი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს ქვეყანაში. იმის ნაცვლად, რომ ახლა ყველა ერთად გავერთიანდეთ და ერთიანი ხედვა გამოვიმუშავოთ, ერთმანეთს ვლანძღავთ, რაც ჩვენი მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. ორივე მხარემ უნდა ვაჩვენოთ ყველას, რომ ჩვენ ერთიანი ვართ, თორემ ადვილად გაგვანადგურებენ! მე ფილმსაც ვერ გადავიღებ ვერასოდეს, თუ ჩემ მიერ გადაღებებში ჩემს გვერდით მდგომის პრინციპები და მათ მიერ კი ჩემი პრინციპები არ იქნება შეთანხმებული/გაგებული. და ეს ჩვენს პოლიტიკაში დღემდე აუთვისებელია“.
წყარო: alioni21