“ჩვენ ვართ უკრაინის გვერდით, თუმცა, რუსეთის მიმართ რა სანქციები უნდა დავაწესოთ?”
ქართველი კომპოზიტორი და მუსიკოსი, დავით ევგენიძე “კვირასთან” საუბრისას უკრაინაში არსებულ რეალობასა და საქართველოს პოზიციაზე საუბრობს. როგორც ევგენიძე აღნიშნავს, ახლა არ არის იმის დრო, ჩვენს ქვეყანაში ვინმემ პოლიტიკური ქულები იწეროს.
“ცხადია, ყველა ძალიან განვიცდით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და მე ვამბობ, რომ დღეს ვარ უკრაინელი. მე არ მგონია, ახლა იმის დრო იყოს, ვიღაცამ პოლიტიკური ქულები დაიწეროს. დღეს მთელი საქართველო ერთად უნდა იყოს – ოპოზიციაც და პოზიციაც. ვხედავთ, ბევრმა დიდმა ქვეყანამ თავი შეიკავა გარკვეული ნაბიჯებისგან. ჯერჯერობით, მე ვერ ვხედავ დასავლეთისგან ისეთ ნაბიჯებს, როგორსაც ველოდი. 2008 წელს, 8 აგვისტოს ჩვენ უკვე ვიწვნიეთ, რაც დაემართა საქართველოს სიჩქარის გამო. ვფიქრობ, მკაფიოდ არის გამოხატული, რომ ჩვენ ვართ უკრაინის გვერდით. ჩვენ რუსეთის მიმართ რა სანქციები უნდა დავაწესოთ? ღვინო აღარ მივაწოდოთ? რა რესურსი გვაქვს ჩვენ სანქციების?”, – აღნიშნავს მუსიკოსი.
ევგენიძის თქმით, საქართველოს და უკრაინას ერთნაირი ბედი აქვთ.
“ბევრი წლის წინ მთელი ჩვენი ენერგორესურსი რუსეთს გადაეცა. დღეს კი მთელი საქართველო ჩვენი ქვეყნის ბედზე უნდა ფიქრობდეს, უკრაინის ტკივილთან ერთად. ჩვენ ერთნაირი ბედი გვაქვს – გავიარეთ ის, რასაც უკრაინა ახლა გადის. ამ შემთხვევაში, მე თავს უკრაინელად მივიჩნევ. ახლა ძალიან სწორი ნაბიჯები უნდა გადაიდგას და არ შეიძლება ქვეყნის შიგნით დაპირისპირება. ეს საქართველოსთვის დამღუპველია. თბილისიდან ნახევარი საათის სავალზე დგას რუსეთის ტანკები. ჩვენ აფხაზეთი და სამაჩაბლო გვაქვს დასაბრუნებელი”, – ამბობს დავით ევგენიძე.